უკრაინამ „დრუჟბის“ მილსადენზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ნავთობის უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის მიწოდებას კიევი დღეს, ოთხშაბათს შუადღისას განაახლებს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ მის წინაშე არსებული ვალდებულება შეასრულა და "ახლა ჯერი ევროკავშირზეა", რომელმაც ომში მყოფ ქვეყანას 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტის დაუყოვნებლივ უნდა დაუმტკიცოს. აღსანიშნავია, რომ ეს ფინანსური ტრანში მილსადენის გარშემო არსებული დავის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო შეჩერებული.
ზელენსკის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ევროკავშირი უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ წევრი ქვეყნები დახმარების პაკეტს მომდევნო 24 საათში დაამტკიცებენ. შეგახსენებთ, უკრაინისთვის დასავლური ფინანსური მხარდაჭერა ამჟამად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად და ბრძოლის გასაგრძელებლად მხოლოდ წელს $52 მილიარდის გარე დაფინანსება სჭირდება. ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისრის, ვალდის დომბროვსკის განმარტებით, 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პირველი ტრანშის გადარიცხვა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იგეგმება.
რაც შეეხება მილსადენს, უნგრულმა ენერგეტიკულმა კომპანია MOL-მა ტრანზიტზე პირველი განაცხადი უკვე წარადგინა. კრემლმა კი ნავთობის მიწოდების მზადყოფნა ოფიციალურად გამოთქვა. არსებული ინფორმაციით, ნედლეული უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის თანაბრად განაწილდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მილსადენის გახსნის პროცესის შეუფერხებლად დაწყებას ხელი უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმაც შეუწყო, სადაც მოსკოვთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ვიქტორ ორბანი ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილმა პეტერ მადიარმა შეცვალა. ახალმა ლიდერმა რუსეთს ნავთობის მიწოდების აღდგენისკენ მალევე მოუწოდა, ხოლო უკრაინას სთხოვა, არ გაეჭიანურებიან მილსადენის ამოქმედება.
შეგახსენებთ, რომ "დრუჟბას" რუსული ნავთობსადენის მუშაობა იანვარში მას შემდეგ შეწყდა, რაც ის თავად რუსული დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა.




























