უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავისი მორიგი ვიდეომიმართვისას უკრაინელ ერს მიმართა, 7-დღიანი ომის პირობებში გამოუძინებელი უკრაინელები გაამხნევა და აღუთქვა, რომ ომის და გამარჯვების შემდეგ ისინი გამოიძინებენ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ევროკავშირი გაერთიანების ახალ დონეზე აიყვანა.
"ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ერთიანები გავხდით. ერთმანეთს ბევრი რამ ვაპატიეთ. ერთმანეთი შევიყვარეთ. ვეხმარებით ერთმანეთს და გვეშინია ერთმანეთის გამო. გუშინდელი დილის შემდეგ თავისუფლების მოედანზე ჩვენ ყველა ხარკოველები ვიყავით. ამის შემდეგ მტერმა ჩვენ ყველა ქალაქ ბოროდიანკაში დაგვარბია. გუშინ საღამოს კიევში დაგვბომბეს და ჩვენ ყველა დავიღუპეთ ბაბი იარში სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
გასულ საღამოს და ამ ღამეს ისინი ჩვენს ქალაქებზე დარტყმებს აგრძელებდნენ. რაკეტები. არტილერია. ჭურვები. მშვიდობიან მოსახლეობაზე. ისევ. საცხოვრებელ უბნებზე. ეს არცერთი ადამიანური, არც ერთი სარწმუნოებრივი მიზეზით არ მართლდება. რა იქნება შემდეგ თუ უკვე იყო „ბაბი იარი“? რომელ სამხედრო ობიექტებს დაემუქრება რუსეთი? რომელს - „ნატოს ბაზებს“, წმინდა სოფიას ტაძარს, ლავრას? ანდრია პირველწოდებულის ტაძარს? რაზეც არ უნდა იოცნებონ - ეშმაკია მათთან! რამეთუ ღმერთი ჩვენთან არის.
ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ევროკავშირი ახალ დონეზე გავაერთიანეთ; როდესაც ევროპარლამენტი ფეხზე იდგა და ტაშს გვიკრავდა, ეს ჩვენი ძალისხმიერების შეფასება იყო. ამიტომაც გვეუბნება ევროკავშირი „კის“. ჩვენ ევროკავშირში დაჩქარებული შესვლის პროცედურაზე გადავედით. ჩვენი დიპლომატები და მეგობრები მსოფლიოს უკრაინის გამო აერთიანებენ.
რა არის შედეგი რუსეთისთვის? ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იქნება. თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დაიხურება. რუსული საქონელი მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია. რუსული ბანკები გათიშულია გლობალური სისტემიდან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ყველა პერსპექტივას. რუსი დედები შვილებს კარგავენ მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში. იფიქრეთ ამ რიცხვზე: დაახლოებით, ექვსი ათასი დაღუპული რუსი. რუსი სამხედროები. ექვსდღიანი ომის შემდეგ და ეს წუხანდელი მსხვერპლის გარეშე. ექვსი ათასი. და რისთვის, რაღაცის მისაღებად? მიიღეთ უკრაინა? ეს შეუძლებელია. ამის შეცვლა რაკეტებით, ტანკებით, ბომბებით შეუძლებელია. ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ვართ და ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი.
უკრაინელებო! ჩვენ წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა. მძიმე ღამე. ვიღაცამ ის ღამე მეტროში გაატარა - თავშესაფარში. ვიღაც სარდაფშია. ვისაც უფრო გაუმართლა სახლში ეძინა. შვიდი ღამეა არ გვძინავს. ან გვძინავს, მაგრამ ძალიან ვშფოთავთ. ჩემო ძვირფასებო, დადგება დრო, როცა კარგად გამოვიძინებთ, მაგრამ ეს იქნება ომის შემდეგ. გამარჯვების შემდეგ. იმ მსოფლიოში, რომელიც ჩვენ გვჭირდება. რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით და რომლის მშვიდობა ჩვენ არასდროს დაგვირღვევია. ყველას გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე. იზრუნეთ თქვენს ძმებზე. აღფრთოვანებული ვარ თქვენით! მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ. ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან პოლიტიკოსებამდე. დღეს თქვენ, უკრაინელები, უძლეველობის სიმბოლო ხართ. სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მომენტში ადამიანი შეიძლება გახდეს საუკეთესო ხალხი დედამიწაზე. დიდება უკრაინას!", - მიმართა ზელენკიმ უკრაინელებს.