ევროკავშირმა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების დამატებითი წილი 1.5 მილიარდი ევროს ოდენობით გამოყო - ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
“ფინანსური დახმარება ევროპისგან უკრაინაში ეკონომიკურ სტაბილურობასა და საზოგადოებრივ სერვისებს რუსეთთან ომის დაწყების დღიდან უწყობს ხელს. დღეს ჩვენ გამოვყოფთ დამატებით 1.5 მილიარდ ევროს. ამჟამად, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილმა სახსრებმა 85 მილიარდ ევროს მიაღწია და ეს რიცხვი კვლავ გაიზრდება”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
უკრაინამ ფინანსური დახმარების წილი ევროკავშირისგან ოქტომბერშიც მიიღო - მაშინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წელს ქვეყნის დასახმარებლად EU-ს ბიუჯეტი 15 მილიარდ ევროს აღწევდა. მაკროფინანსური დახმარების სრული მოცულობა წელს 18 მილიარდს აღწევს.
ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინისათვის ფინანსური დახმარების 50 მილიარდევროიან პაკეტს ამზადებს, რომელსაც ბლოკი 2024-2027 წლებში გასცემს. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა ამ ინიციატივას ხმას 14-15 დეკემბერს გამართულ სამიტზე მისცემს, თუმცა არსებობს შანსი, რომ უნგრეთი ფინანსური დახმარების წინააღმდეგ წავა.