უკრაინის მთავრობამ უმსხვილესი უნგრული საფინანსო ორგანიზაციის, OTP ბანკის შავი სიიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიას აღარ ექნება რუსეთის ომის დამფინანსებლის სტატუსი, რომელიც OTP-ს მაისში თავად უკრაინის მთავრობამ მიანიჭა.
როგორც ანტიკორუფციული სააგენტო განმარტავს, შავი სიიდან კომპანიის ამოღება მხარეებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე მოხდა. კერძოდ, უნგრულმა მხარემ პირობა დადო, რომ ის რუს კლიენტებს მომსახურებას შეუზღუდავდა.
თავდაპირველად, OTP-ის სანქცირების მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ ომის დაწყების მიუხედავად, უნგრულ ბანკს რუსეთში ოპერირება არ შეუწყვეტია, რასაც უკრაინის მთავრობა ომის დაფინანსებად მიიჩნევდა.
ექსპერტების შეფასებით, შავი სიიდან OTP-ის ამოღება რეალურად პოლიტიკური მიზეზითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის ევროკავშირის 500-მილიონიანი პაკეტის გადაცემას ბლოკავს. ამ უთანხმოების ფონზე, უკრაინისა და უნგრეთის მთავრობებს შორის აქტიურად მიმდინარეობს პოლიტიკური ვაჭრობის პროცესი.