მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინას ამერიკული გარანტიების მისაღებად რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადება მოუწევს - Reuters

თეთრი სახლი

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტ ზელენსკის გუნდს განუცხადეს, რომ თუ უკრაინას შტატებისაგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება სურს, ჯერ რუსეთთან უნდა დადოს სამშვიდობო შეთანხმება - ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ცნობას ჯერჯერობით არც ოფიციალურ კიევში და არც ვაშინგტონში არ ადასტურებენ, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლი შეთანხმების ხელმოწერას ომის დასრულებამდე საფრთხის შემცველად აღიქვამს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ ცნობის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზად იყო და ერთადერთი, რასაც ოფიციალური კიევი ელოდა, ხელმოწერის ღონისძიების დროისა და ადგილის დაზუსტება იყო. უცნობია, ჰქონდა თუ არა გავლენა ამ გადაწყვეტილებაზე აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ შეხვედრას, რომელსაც ამერიკელი, უკრაინელი და რუსი მომლაპარაკებლები ერთად ომის დაწყების შემდეგ პირველად დაესწრნენ. აბუ დაბის მოლაპარაკებების ფონზე ასევე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ უკრაინას ტერიტორიების დათმობისკენ აქტიურად მოუწოდებდა, თუმცა Rueters-ის წყარომ მსგავსი ცნობები სრულად უარყო და თქვა, რომ დიპლომატიურ პროცესში ამერიკა მხოლოდ შუამავლის როლს თამაშობდა.

შეგახსენებთ, ამჟამად ტერიტორიების საკითხია ის, რაც მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჭიანურებს. ერთი მხრივ, უკრაინა მიიჩნევს, რომ საკუთარ მიწას უბრძოლველად არ დათმობს და მტერს არ ჩააბარებს. მეორე მხრივ კი, კრემლში ღიად აცხადებენ, რომ დონბასის დაკავება დროის საკითხია, ოფიციალური კიევისთვის კი უმჯობესია, რომ ეს ტერიტორია საკუთარი ნებით დათმოს, რადგან მასზე უარს რუსეთი არ იტყვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები