მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია ზიანისთვის, რომელიც უსამართლო ომის შედეგად მიადგა - მაკა ბოჭორიშვილი

ბოჭორიშვილი

„ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ“ - განაცხადა "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. ის ჰააგაში იმყოფება და მონაწილეობას იღებს დიპლომატიურ კონფერენციაში, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს.

საქართველო ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას. კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს ან მას შემდეგ ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზარალის, დანაკარგის ან ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს.

მისი თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და მის მოსახლეობას მიადგა უსამართლო ომის შედეგად.

„საქართველო, როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის შექმნისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს, რომლის განუყოფელი ნაწილიც საჩივრების საერთაშორისო კომისია გახდება,“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მძიმე გამოცდილებაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნველოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა და რამდენად მაღალი ფასის გადახდა უწევს საზოგადოებას უსამართლობის შედეგად.

„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, იმისათვის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოსთან მიმართებაში, ის კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფას,“ - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვანი რეაგირება.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალან ბერსე; ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოოფი; უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ; ასევე, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მაღალი დონის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები