მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინასა და ევროპაში მოსავლის დაბალმა რაოდენობამ მზესუმზირას ზეთის ფასები გაზარდა

მზესუმზირა

Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინასა და ევროპის ქვეყნებში მზესუმზირას ზეთის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რასაც რეგიონში დაბალი მოსავლიანობისა და შეზღუდული წარმოების მოლოდინები უძღოდა წინ.

ფასების მატების მთავარ მიზეზად ცხელ და მშრალ ზაფხულს ასახელებენ, რომელმაც მზესუმზირას კულტურების განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა.

ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო რესურსების მონიტორინგის განყოფილების ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში მოსავლის მაჩვენებლები სავარაუდოდ ხუთწლიან საშუალო ნიშნულზე დაბალი იქნება. განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის სამხრეთში, რომელიც მზესუმზირის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია და რომელიც გვალვამ ყველაზე მეტად დააზარალა.

მოსავლის შემცირებას ელიან ევროპის სხვა ქვეყნებიც. ანალიტიკური კომპანიის, strategie grains-ის შეფასებით, ევროპის მასშტაბით მოსავალი შესაძლოა, ათწლეულის ყველაზე დაბალ ნიშნულზე – 8.3 მილიონ ტონაზე ჩამოვიდეს. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით კი, ამ ქვეყანაში წარმოება ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით შემცირდება.

დაძაბული ვითარება უკვე აისახა ფასებზეც: Commodity3-ის მონაცემებით, საფრანგეთის პორტებში მზესუმზირის ზეთის ფასი 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს უახლოვდება, ხოლო უკრაინაში ბოლო ხუთი თვის მაქსიმუმს უახლოვდება.

გლობალური ბაზრისთვის ეს ტენდენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, უკრაინა და ევროკავშირი ერთად მზესუმზირის მსოფლიო წარმოების დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფენ. შესაბამისად, რეგიონში წარმოების შემცირების რისკი პირდაპირ აისახება გლობალურ მიწოდებაზე და ფასებზე.

ამასთან, მიუხედავად სირთულეებისა, მოსავლის აღება უკრაინაში უკვე დაიწყო. როგორც Bloomberg წერს, UkrAgroConsult-ის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში შედარებით უკეთესი მოსავლიანობა ფიქსირდება, რაც საერთო მდგომარეობას ნაწილობრივ ამსუბუქებს. საკონსულტაციო კომპანიის პროგნოზით, მთლიანი წარმოება წინა სეზონთან შედარებით 8%-ზე მეტით გაიზრდება, რაც ძირითადი დარგვის ფართობების ზრდის შედეგია.

თუმცა, მიუხედავად ამ ოპტიმისტური მონაცემებისა, ბაზარზე კვლავ ნარჩუნდება ფრთხილი განწყობა და ფასების რყევები მოსალოდნელია, სანამ სრულად გაირკვევა, თუ როგორ იმოქმედებს კლიმატური პირობები მოსავლის ხარისხსა და მასშტაბზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები