მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ექსპორტის ომამდელი მაჩვენებელი ჯერ არ აღდგენილა, მაგრამ უკეთესი სიტუაციაა - „თბილღვინო“

645930ddc12be
თელარა გელანტია
08.05.23 22:00
651
კომპანია „თბილღვინოს“ რუსეთში ექსპორტი წელსაც არ განუახლებია, უკრაინაში კი, ექსპორტის მოცულობას ნელ-ნელა ზრდის. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა განაცხადა.

აღსანიშნია, რომ BMG-ის ინფორმაციით, ღვინის სექტორიდან „თბილღვინო“ ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ექსპორტი შეწყვიტა და არც განუახლებია.

„ომამდე, უკრაინაში ჩვენი ექსპორტის წილი 9-10%-ის ფარგლებში იყო. ამდენად, გაყიდვების ომამდელი მაჩვენებელი ჯერ არ აღდგენილა, მაგრამ წელს უკეთესი სიტუაცია გვაქვს. მოგეხსენებათ, უკრაინაში ექსპორტი შარშან, ივნისიდან განვაახლეთ, როგორც კი ლოგისტიკამ ამის საშუალება მოგვცა, რათა ჩვენს პარტნიორებს საკმარისი მარაგები ჰქნოდათ. აღსანიშნია ისიც, რომ შარშანვე ორი ახალი პარტნიორი დავიმატეთ და კიდევ ერთთან მოლაპარაკების საბოლოო ეტაპზე ვართ“, - თქვა ზურაბ მარგველაშვილმა.

კითხვას - „უკრაინაში ექსპორტის მიმართულებით, დღეს რა არის მთავარი გამოწვევა“ – „თბილღვინოს“ დირექტორმა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დაასახელა. „ეს არის საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მდგომარეობა“, - აღნიშნა მან.

„წერტილთან“ ინტერვიუში ზურაბ მარგველაშვილმა „თბილღვინოს“ პირველი კვარტალიც შეაფასა და თქვა, რომ I კვარტლის გეგმა შესრულებულია, მაგრამ კონკრეტული რიცხვები არ დაუსახელებია.

„პირველი კვარტლის გეგმა წარმატებით შესრულდა, როგორც - ექსპორტის, ისე ადგილობრივი გაყიდვების კუთხით. ჩვენ აქტიურები ვართ ექსპორტზე - 30-მდე ქვეყანაში იყიდება „თბილღვინოს“ ღვინო და 80-ზე მეტი პარტნიორი გვყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს ახალი პარტნიორები დავიმატეთ კანადაში, ჩინეთსა და გერმანიაში.

ჩვენთვის ყოველთვიური და ნორმალური სამუშაო ვითარებაა, რომ არსებულ ბაზრებზე ახალ პარტნიორებს ვეძებთ - მათ შორის უკრაინაში, ბელარუსსა და თურქეთში ფინალურ ეტაპზეა მოლაპარაკებები და იმედია, წარმატებულად დამთავრდება“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები