“უკრაინაში მიმავალი ბორანი ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა და მასზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსდებიან”, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, 23 თებერვალს უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი სატვირთო ბორანი, ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა.
„ბორანი განთავისუფლდა საპორტო და სხვა მოსაკრებლებისგან“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბორანზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები, მას შემდეგ, რაც ბორანი საქართველოში ჩამოვიდა, სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსდნენ.




























