ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება.
როგორც ფონ დერ ლაიენმა ბერლინში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინამ შეასრულა განსაზღვრული რეფორმები, რაც მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობა იყო.
"უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რაც ჩვენ დავსახეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს",- თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
კონფერენციას, რომელიც გერმანიის დედაქალაქში 11-12 ივნისს იმართება, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი მონაწილე ესწრება. ღონისძიების მთავარი მიზანია ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.