რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 7 მილიონმა უკრაინელმა დატოვა სამშობლო, თუმცა მოგვიანებით, 2-მა მილიონმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა. იძულებით გადაადგილებულთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, რომლებსაც აქვთ უფლება იცხოვრონ ევროკავშირში სამი წლის განმავლობაში, თუმცა მათ რიგ სირთულეებთან გამკლავება უწევთ, რომელიც უპირველეს ყოვლისა, სამსახურის დაწყებას უკავშირდება. ამის შესახებ სტატიას Euronews აქვეყნებს.
არსებობს ენის ბარიერი, კვალიფიკაციის ნაკლებობისა, თუ მცირეწლოვანი ბავშვების დატოვების პრობლემა. თავის მხრივ ევროკავშირი ჩართულია ამ გამოწვევების გამკლავებაში, მათ შორის ორგანიზებას უკეთებს ენის კურსებს, ტრენინგებსა და ეხმარება მათ დასაქმებაში, თუ კვალიფიკაციის ამაღლებაში, თუმცა ეს პროცესები დროში იწელება.
როგორც Euronews-ი წერს, ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების ადგილები უხვად არის, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, როცა კადრების დეფიციტი, ფაქტობრივად, ყველა სფეროს დაეტყო, მაგრამ უკრაინელებს, მათ შორის მაღალკვალიფიციურ კადრებსაც კი უჭირთ დასაქმება, რადგან უწევთ იმ სტანდარტებსა და კვალიფიკაციაზე მორგება, რასაც ევროკავშირი ითხოვს. მთავარი პრობლემა უკრაინელების კვალიფიკაციის აღიარებაა ევროკავშირში. ანუ შესაბამისი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს, იურიდიულად დამოწმდეს და აღიაროს ევროკავშირმა. ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიაში დარეგისტრირებული ლტოლვილები მინიმალურ ხელფასს იღებენ და ასევე აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა, მაინც, მათთვის რთულია უცხო გარემოსთან ადაპტაცია და ამ პროცესებში სრულად არის ჩართული ევროკავშირი.