მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის კანონი “ოლიგარქების შესახებ” - რა ეკრძალებათ ოლიგარქებს?

6154215829566
თათია კაკიაშვილი
30.09.21 00:13
1509

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი “ოლიგარქების შესახებ”, რომელიც ოლიგარქების გავლენას პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზღუდავს. რუსული "ფორბსის" მიხედვით, დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარლამენტს წარუდგინა, რიგ კრიტერიუმებს ითვალისწინებს, მათ შორის, ოლიგარქებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და პრივატიზაციაში მონაწილეობას უკრძალავს. 

რადას ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ: "ახალი კანონმდებლობით, საარჩევნო პროცესში ოლიგარქებს აეკრძალებათ რიგი აქტივობები: მათ შორის, პოლიტიკური პარტიების და მათი კანდიდატების დაფინანსება, მიტინგებსა და დემონსტრაციებში პოლიტიკური მოთხოვნებით და ლოზუნგებით გამოსვლა და, ასევე, პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება".

ცხადია, უკრაინული რადა კანონის მიზნებსაც განმარტავს, ესენია: პოლიტიკოსების, მედიის და მსხვილი ბიზნესის შერწყმით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტების დაძლევა; ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო სფეროებში; მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დაცვა, დემოკრატიის დაცვა; სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა ცნობიერების მანიპულირების აღკვეთა.

კანონპროექტი “ოლიგარქების შესახებ” ჯერ კიდევ ივნისში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დააინიცირა და რადას წარუდგინა. მისივე განცხადებით, “სხვა, წარმატებული სახელმწიფოების მაგალითი აჩვენებს, რამდენად უწყობს ხელს რიგი არჩეული პირების მონოპოლიური მდგომარეობის აღმოფხვრა საშუალო კლასის განვითარებას და, ასევე, აჩქარებს ეკონომიკის აღმავლობასაც”. კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტს მხარი 279-მა დეპუტატმა დაუჭირა. რადას 54 წევრი წინააღმდეგი იყო, ხოლო 27-მა დეპუტატმა აზრის დაფიქსირებისგან საერთოდ თავი შეიკავა. ახლა კანონის ამოქმედებისთვის, მხოლოდ მისი ინიციატორის და ავტორის, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

ამ სიახლეს უკრაინაში საზოგადოება “სიხარულით” არ შეხვედრია: ქვეყანაში ფიქრობენ, რომ მსგავსი კანონების მიღება ტოტალური მმართველობის მანიშნებელი და სრულიად უსარგებლოა. მის აღსრულებაში მოქალაქეებს, პოლიტიკოსთა ნაწილს და ექსპერტებს ეჭვი შეაქვთ. უფრო მეტიც - პრეზიდენტ ზელენსკის მსგავსი გადაწყვეტილება მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისთვის “სიცილისმომგვრელია”.

“ეს კანონი და ზოგადად ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის მსახიობობა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი მსახიობის როლს ძალიან კარგად ასრულებს. ძნელი მისახვედრია, ის მართლაც მსახიობია თუ ქვეყნის პრეზიდენტი”, - განაცხადა ლუგანსკის რეგიონალური საბჭოს მოადგილე როდიონ მიროშნიკმა.

“ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ყველა სფეროს ტოტალური, შიდა მმართველობაა. ამას არ შეიძლება, ეროვნული ინტერესი ეწოდოს. ვლადიმერ ზელენსკი რაც პრეზიდენტი გახდა, სასაცილო კლოუნად იქცა. ის პოროშენკოს დაემსგავსა. ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, ჩვენი სახელმწიფოსთვის მხოლოდ მავნებლობა მოაქვს", - განაცხადა "რადას" დეპუტატმა ანდრეი ლესიმ.

იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტს, რომელიც სულ მალე კანონად იქცევა, უფრო მეტად დეკლარაციული და პოლიტიკური ხასიათი აქვს, ვიდრე - რეალურად ქმედითი. ასე ფიქრობს ქართველი იურისტების ნაწილიც. დავით კლდიაშვილის შეფასებით, ნებისმიერი მსგავსი კანონის მიღებისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია მისი აღსრულების ეფექტიანობა. კლდიაშვილის თქმით, თითქმის იდენტური კანონი საქართველოშიც მოქმედებს, რომელიც 1 კალენდარული წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას 60 000 ლარის ოდენობით ზღუდავს, თუმცა ხდება ისეც, რომ “კანონის გვერდის ავლით” - დაფინანსების ოდენობა მაინც აჭარბებს ხოლმე დადგენილს.

"ფინანსური წყაროები არაოფიციალურად, არაპირდაპირ ნაწილდება სხვადასხვა ფიზიკურ პირზე და მათ შეაქვთ ეს თანხები. ჩვენი კანონმდებლობით, შეზღუდულია, რომ კონკრეტულ სუბიექტს პოლიტიკურ პროცესებზე დადგენილზე მეტი ზეგავლენა არ ჰქონდეს, მაგრამ სურათი სხვაა: შესაბამისად, მეც დაახლოებით ამ კუთხით ვუყურებ მსგავს კანონპროექტს უკრაინაში. ოფიციალურად, რა თქმა უნდა, შეზღუდული იქნება, რომ ამა თუ იმ ოლიგარქმა პირდაპირ გაიღოს სახსრები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისათვის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება გზები, სახსრები მიმართონ მათთვის სასურველი პარტიის ან მოძრაობის სასარგებლოდ", - განაცხადა იურისტმა დავით კლდიაშვილმა.  

“ოლიგარქების წინააღმდეგ” უკრაინულ კანონს იურისტი სანდრო ბარამიძე, სამართლებრივი თვალსაზრისით, “ხარვეზიანს” უწოდებს   - რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:

"განმარტება "ოლიგარქი" შეიძლება, მთლად ზუსტი არ იყოს - აქ შეიძლება მოიაზრებოდეს ნებისმიერ ადამიანი, რომელსაც გარკვეული რაოდენობის ეკონომიკური კაპიტალი აქვს დაგროვებული. ასეთი ადამიანების მთლიანად, პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოცილება შესაძლოა, კონსტიტუციური არ იყოს იმიტომ, რომ კონსტიტუციის თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა სრული მასშტაბით მიიღოს. ამ კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი კანონი შესაძლოა, თავად კონსტიტუციასთან იყოს წინააღმდეგობაში. გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა მიეკუთვნოს ოლიგარქს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იღებს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და რამდენად შეიძლება ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება, უკრაინულ კანონში ამის თაობაზე არაფერი წერია", - განაცხადა იურისტმა სანდრო ბარამიძემ.  

ბარამიძე პრობლემას ხედავს ე.წ. პრივატიზაციასთან დაკავშირებითაც: პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ოდესღაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები, რომლებიც დღეს უკვე აღარ ფუნქციონირებს, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში ვეღარ მონაწილეობს და ასეთი დაწესებულებების პრივატიზაციის გზით კერძო საკუთრებაში გადასვლა ეკონომიკის ამუშავების ერთადერთი ბერკეტია.

ასე რომ, კანონი ოლიგარქების შესახებ, რომელიც სულ მალე უკრაინაში ამოქმედდება, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას ხელს ვერ შეუწყობს. ცხადია, თუკი მისი შინაარსიდან გამომდინარე, საერთოდ აღსრულდება. ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინის მმართველი პარტიის გუნდი, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია და რეფორმებზე მომუშავე გუნდი. მათ მიაჩნიათ, რომ კანონი ეფექტიანად აღსრულდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პროცესში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები