ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელი ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ისტორიულ მომენტს უწოდებს. "ეს აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას", - თქვა მან ბრიუსელში ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიგნალია.
„დღეს ჩვენ ვეუბნებით უკრაინელ ხალხს, რომ მათ მხარეს ვართ. მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ევროკავშირის სანდოობისთვის“, - თქვა მიშელმა.
კითხვაზე - უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე როგორ მოახერხეს ამ გადაწყვეტილების მიღება, შარლ მიშელმა თქვა, რომ ევროპულმა საბჭომ ამ გადაწყვეტილებისთვის ძალიან ბევრი იმუშავა.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ არც ერთი წევრი ქვეყანა არ შეეწინააღმდეგა ამ გადაწყვეტილებას, ამიტომაც შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ის ამ საღამოს გამოგვეცხადებინა. ეს იყო რთული დებატები“, - განაცხადა მიშელმა.
მისივე განცხადებით, ევროპული საბჭო ხვალაც აგრძელებს მუშაობას დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადასაწყვეტად.