როგორც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წინსვლა აქვს. კერძოდ, მიიღო კანონის უზენაესობის, საჯარო ადმინისტრირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გზამკვლევები, ასევე ეროვნული უმცირესობების სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიამ დადებითად შეაფასა.
"უკრაინამ დააკმაყოფილა კლასტერების გახსნისთვის საჭირო პირობები: ერთი (ფუნდამენტური), ექვსი (გარე ურთიერთობები) და ორი (შიდა ბაზარი). კომისია ელის, რომ უკრაინა დააკმაყოფილებს დარჩენილი სამი კლასტერის გახსნის პირობებს და მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საბჭო შეძლებს ყველა კლასტერის გახსნას წლის ბოლომდე", - აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.
ამასთან, ევროპული ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობამ გამოთქვა მიზანი, რომ 2028 წლის ბოლომდე დაასრულოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. "კომისია ვალდებულია მხარი დაუჭიროს ამ ამბიციურ მიზანს, მაგრამ მიიჩნევს, რომ მის მისაღწევად საჭიროა რეფორმების ტემპის დაჩქარება, განსაკუთრებით ფუნდამენტური პრინციპების, კერძოდ, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით", - აცხადებენ ევროკომისიაში.
ამასთან, ევროკავშირის ინსტიტუტი ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის დაუნდობელი აგრესიის მიუხედავად, უკრაინა კვლავ მტკიცედ ერთგული რჩება ევროკავშირში გაწევრიანების გზის, რომელმაც წარმატებით დაასრულა სკრინინგის პროცესი და წინ წაიწია ძირითად რეფორმებში.
შეგახსენებთ, დღეს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც საქართველოს შედეგები ნეგატიურად არის შეფასებული. ანგარიშის თანახმად, დადებითი შედეგები აქვს ოთხ ქვეყანას: ალბანეთს, მოლდოვას, მონტენეგროსა და უკრაინას. სერბეთს, ბოსნია ჰერცოგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოსა და თურქეთის შედეგები კი "შერეულია".
























