დღეს უკრაინის ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სულ მცირე 13 საევაკუაციო დერეფანი გაიხსნება, მათ შორის ალყაში მოქცეული აღმოსავლეთის ქალაქ მარიუპოლიდან. ამის შესახებ CNN-ი უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„დღეს, ჰუმანიტარული ტვირთით და ავტობუსებით ხალხის ევაკუაციისთვის კოლონა მიემგზავრება ქალაქ ზაპორიჟჟიდან დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში, შემდეგი დასახლებული უბნების გავლით: ზაპოროჟია, მელიტოპოლი, ვასილივკა, ბერდიანსკი, მანგუში, მარიუპოლი“, - თქვა ვერეშჩუკმა ვიდეომიმართვაში.
„დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე წარმატებული იქნება, ყველა დაგეგმილი მარშრუტი გაიხსნება და რუსეთი შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას“, - დასძინა ვერეშჩუკმა.
უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიასთან ცალკე ინტერვიუში დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ თქვა, რომ „იმედოვნებს“ დერეფნები, რომლებიც გუშინ უნდა გახსნილიყო, დღეს გაიხსნება, მათ შორის მარიუპოლისთვისაც.
ეს იქნება მარიუპოლიდან მარშრუტის დადგენის მეექვსე მცდელობა, რადგან წინა მცდელობები მოსახლეობის ევაკუაციისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.




























