უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ ჩინელი კოლეგა, ვანგ ი კიევში ოფიციალურად მიიწვია. ქვეყნის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ოფიციალური პეკინიდან მსგავსი მაღალი თანამდებობის პირის დედაქალაქში ვიზიტი და არსებულ ვითარებაში უკეთ გაცნობა მიმდინარე ომის დასრულებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
სიბიჰა ჩინელ კოლეგას მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე შეხვდა და მოლაპარაკებებიც გამართა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შემდგომ განაცხადა, დიალოგი იყო შინაარსობრივი, პრაგმატული და მშვიდობის მიღწევაზე ორიენტირებული. ანდრი სიბიჰამ ვანგ ის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ოფიციალური პეკინი კრემლს ომის დასრულებაზე დაითანხმებს.
თავის მხრივ, ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც არათუ კიევში შესაძლო ვიზიტის გეგმებზე თქმულა რამე, არამედ ისიც კი არ იყო აღნიშნული, რომ სიბიჰამ ვანგ ი დედაქალაქში დაპატიჟა. ოფიციალურმა პეკინმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს და ითამაშოს კონსტრუქციული როლი მიმდინარე მოლაპარაკებებში. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პოზიციის მიღმა, ჩინეთი კვლავ რჩება რუსეთის მთავარ სამხედრო და ეკონომიკურ პარტნიორად, რომლისგანაც მუდმივად ყიდულობს კრემლის ომის მანქანის დაფინანსებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნავთობსა და ბუნებრივ აირს.




























