უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც "მაიდანსა" და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის პარალელებზე საუბრობდა.
უკრაინის საგარეო უწყება, გმობს კობახიძის განცხადებას და ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებისგან, რომლებიც რუსულ ნარატივებს იმეორებს.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის არამეგობრულ განცხადებებს და მის დამახინჯებულ შეფასებებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებები ჩვენი სახელმწიფოს, ღირსების რევოლუციის, გმირობისა და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან დაკავშირებით, მიუღებელია და აღმაშფოთებელია.
არა უკრაინა, რომელიც იცავს თავს, არამედ მხოლოდ რუსეთი, რომელიც თავს დაესხა ჩვენს მიწას, არის პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ნგრევაზე. აღსანიშნია, რომ ქართველი ჩინოვნიკის განცხადებაში სიტყვა „რუსეთი“ არ ყოფილა ნახსენები.
სამწუხაროა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და პერმანენტული დეგრადაცია, რომელთა გარჩევაც ბოლო დროს რთული გახდა რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებისგან.
რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებებისგან, რომლებიც იმეორებს რუსულ ნარატივებს და უკრაინის გამოყენებას საქართველოში შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში.
უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ქართველი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობის, თავისუფლებისა, საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირებისკენ", - წერია განცხადებაში.