2024 წლის სექტემბერში, უკრაინის სახელმწიფო ვალი წინა თვესთან შედარებით, 0.56%-ით გაიზარდა და $155.6 მილიარდს მიაღწია - ამის შესახებ უკრაინული მედია ფინანსთა მინისტრის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო და სახელმწიფო-გარანტირებულმა ვალმა სექტემბერში 6,4 ტრილიონი უკრაინული გრივნა შეადგინა, რაც, მცირედით აღემატება აგვისტოს UAH6.37 ტრილიონიან მაჩვენებელს. აქედან პირდაპირმა საგარეო ვალმა $106.7 მილიარდი შეადგინა, საშინაო ვალმა კი $41.9 მილიარდი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო ვალი 2023 წელს ჯამურად 30.4%-ით, რეკორდულ $145.3 მილიარდამდე გაიზარდა. 2022 წელს ზრდამ 13.66% შეადგინა, 2021 წელს კი - 8.52%.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური პროგნოზის ანგარიშის თანახმად, უკრაინის სახელმწიფო ვალი 2024 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 95.6%-ს მიაღწევს, მომდევნო წელს კი მას სრულად გადააჭარბებს და 106.6% იქნება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის ვალი მომდევნო ორი წლის განმავლობაში მზარდ ტენდენციას შეინარჩუნებს, 2027 წლისთვის კი 5 პროცენტული პუნქტით, მშპ-ის 102.6%-მდე შემცირდება.