მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ -კურსკის გუბერნატორი

რუსეთ-უკრაინის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, - ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ზუსტად ამ ზონაში, 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს. ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა სმირნოვმა.

სმირნოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები 12 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 40 კილომეტრის სიგანის ზოლი დაიკავეს. მან გაფრთხილება გამოსცა და თქვა, რომ ხალხს სჭირდებოდა თავშესაფარი ფანჯრების გარეშე, რომელიც მყარი კედლებით იქნებოდა აშენებული.

მისი ინფორმაციით, რეგიონიდან 121 000 ადამიანია ევაკუირებული, 59 000 კი ევაკუირებას ჯერ კიდევ საჭიროებს.

პუტინმა სმირნოვს საუბარი შეაწყვეტინა, რომ ფრონტის სიღრმესა და სიგანეზე თავდაცვის მინისტრი ილაპარაკებდა და გუბერნატორს სჯობდა სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებზე გაემახვილებინა ყურადღება.

სმირნოვის პასუხის შესაბამისად, რუსეთის 2000 მოქალაქე უკრაინის მიერ „ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ კურსკში რჩება და მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მოსახლეობის ევაკუაცია მეორე სასაზღვრო რეგიონიდან, ბელგოროდიდანაც მიმდინარეობს. ბელგოროდის ოლქი კურსკის ოლქის მეზობლად მდებარეობს უკრაინის საზღვართან.

პუტინი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს „მთავარი ამოცანაა, გაყაროს მტერი რუსეთის ტერიტორიიდან“.

BBC-ის ინფორმაციით, რუსული ძალები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს, რადგან უკრაინა მოულოდნელ შეტევას ქვეყნის შიგნით აგრძელებს. საინფორმაციო სააგენტო ასევე იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 30 კილომეტრის სიღრმეზე შეაღწიეს, რაც ყველაზე მასშტაბური რეიდია უკრაინის მხრიდან მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა.

10 აგვისტოს გვიან საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიის დასავლეთით საზღვართან მოქმედებენ. მან აღნიშნა, რომ უკრაინას ომი „აგრესორის ტერიტორიაზე“ გადააქვს.

ინფორმაცია უკრაინელების მხრიდან კურსკის რეგიონში შესვლასთან დაკავშირებით პირველად შვიდ აგვისტოს რუსული ტელეგრამ-არხებიდან გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ 6 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტში იმყოფებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები