2023 წლის განმავლობაში უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას გაცვლითი კურსის დასაჭერად $21.9 მილიარდი დოლარი გაყიდა. მათ შორის ინტერვენციები განსაკუთრებულად გააქტიურდა ოქტომბერში, როდესაც NBU-მ განაცხადა, რომ გრივნას “თავისუფალ ცურვაში” გაუშვებდა. ბოლო 20 დღის განმავლობაში ცენტრალური ბანკის ინტერვენციებმა $2.4 მილიარდს გადააჭარბა, ბოლო კვირაში კი $735 მილიონს.
საქმე ისაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფიქსირებული სავალუტო კურსი შემოიღეს. 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე ერთი დოლარი 29.6 გრივნა ღირდა, რის შემდეგაც უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა კურსის კორექცია და ახალ ნიშნულზე დაფიქსირება განახორციელა, 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით კი კურსი დოლართან 36.97 გრივნა იყო.
2 ოქტომბერს ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ გრივნას “თავისუფალი ცურვის” რეჟიმში გაუშვებდა და ინტერვენციებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებდა. ბუნებრივად ეს ნიშნავდა, რომ კურსი მყისიერად უნდა გაუფასურებულიყო და ახალი სტაბილურობის ნიშნული უნდა მოეპოვებინა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, NBU-ს არ ეყო ამის გამბედაობა, ამიტომაც, ცენტრალურ ბანკს კურსის რეალური კონტროლი ხელიდან არ გაუშვია და ბოლო 20 დღეში გაუფასურების მოლოდინების გასანეიტრალებლად სავალუტო ინტერვენციები პირიქით გაზარდა. ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 36.6 გრივნას შეადგენს, რაც კურსის “ცურვაში” გაშვების კურსთან შედარებით 0.3 გრივნით უფრო მყარიცაა, თუმცა ეს სრულად სავალუტო ინტერვენციის დამსახურებას წარმოადგენს.
სულ ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების გზით 48 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო დონორებისგან მიღებულ დახმარებას წარმოადგენდა.
თუმცა, ასეთი მსხვილი ინტერვენციების პირობებში საფრთხე ემუქრება სავალუტო რეზერვების მდგრადობას. NBU-ს თანახმად ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინის სავალუტო რეზერვები 16 მილიარდი დოლარით გაიზარდა, თუმცა, ბოლო პერიოდში რეზერვების ზრდის ტემპი შენელდა და ის ივლისთან შედარებით (41.7 მილიარდი დოლარი) 2 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც სავალუტო ინტერვენციებს უკავშირდებოდა. თუკი მომდევნო წელსაც უკრაინა ყოველთვიურად 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინტერვენციებს განახორციელებს, მაშინ კურსის დაჭერისთვის კიდევ 24 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯება.