უკრაინის ცენტრალური ბანკი ქვეყნის სავალუტო ბაზარზე კონტროლს ამსუბუქებს და გრივნის გაცვლითი კურსი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მკაცრად ფიქსირებული იყო, ნაწილობრივ მცურავ რეჟიმზე გადაჰყავს. ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ისინი ბაზარზე ჩაერევიან მხოლოდ მკვეთრი ცვლილებების შემთხვევაში და ინტერვენციებს განახორიციელებენ.
უკრაინა ფიქსირებულ სავალუტო რეჟიმზე ომის დაწყებიდან მალევე გადავიდა. თავდაპირველად 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე ერთი დოლარი 29.6 გრივნა ღირდა, რის შემდეგაც უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა კურსის კორექცია და ახალ ნიშნულზე დაფიქსირება განახორციელა, 2022 წლის ივნისიდან დღემდე ერთი დოლარი 36.97 გრივნა ღირდა. ამ კურსის შენარჩუნებისთვის, უკრაინის ცენტრალური ბანკი ამ კურსის შესანარჩუნებლად ყოველთვიურად დონორებისგან მიღებულ მილიარდობით დოლარს ხარჯავდა.
მხოლოდ აგვისტოში უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ფიქსირებული კურსის დასაცავად 2.45 მილიარდი დოლარი დახარჯა. 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ქვეყნის სავალუტო რეზერვები 40.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
უკრაინის სავალუტო რეზერვები დონორების დაფინანსების შედეგად იზრდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინის სავალუტო რეზერვები 16 მილიარდი დოლარით გაიზარდა, თუმცა, ბოლო პერიოდში რეზერვების ზრდის ტემპი შენელდა და ის ივლისთან შედარებით (41.7 მილიარდი დოლარი) 1.3 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც სავალუტო ინტერვენციებს უკავშირდებოდა. თუკი ქვეყანა ფიქსირებულ გაცვლით კურსს შეინარჩუნებდა და ყოველთვიურად საშუალოდ 2 მილიარდ დოლარს გაყიდდა, მაშინ ინტრევენციებზე 24 მილიარდი დოლარი მიიმართებოდა, რაც უკრაინის სავალუტო რეზერვებს მკვეთრად შეამცირებდა. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ უკრაინამ ფიქსირებული რეჟიმიდან გამოსვლა გადაწყვიტა.