მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას კურსის დასაჭერად წელს $27 მილიარდი გაყიდა

უკრაინის ცენტრალური ბანკი

2024 წლის 10 თვის განმავლობაში უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას გაცვლითი კურსის დასაჭერად $26.9 მილიარდი დოლარი გაყიდა - ამის შესახებ ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.

NBU-ს თანახმად, ინტერვენციების საჭიროება ყველაზე მაღალი ოქტომბერში იყო და მთლიანმა გაყიდვებმა 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2024 წელს უკრაინის ცენტრალური ბანკი ყოველთვიურად საშუალოდ 2.7 მილიარდ დოლარს ყიდდა.

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ომის დაწყების შემდეგ ფიქსირებული სავალუტო რეჟიმი შემოიღო. 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე ერთი დოლარი 29.6 გრივნა ღირდა, რის შემდეგაც უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა კურსის კორექცია და ახალ ნიშნულზე დაფიქსირება განახორციელა, 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით კი კურსი დოლართან 36.97 გრივნა იყო. 2023 წლის ოქტომბრიდან ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ფიქსირებული კურსის რეჟიმს შეარბილებდა და გრივნას თავისუფალი ცურვის რეჟიმში გაუშვებდა და ინტერვენციებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებდა, ეს ნიშნავდა რომ კურსი მყისიერად უნდა გაუფასურებულიყო, თუმცა აღნიშნულს ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან მკვეთრი უკურეაქცია მოჰყვებოდა, ამიტომ ცენტრალურმა ბანკმა ყოველთვიურად მილიარდობით დოლარის ხარჯვის პროცესი განაგრძო. 2024 წლის იანვარში ერთი დოლარი 38 გრივნა ღირდა, ხოლო ცენტრალური ბანკის მიერ დახარჯული $27 მილიარდის მიუხედავად, ამჟამად კურსი იანვართან შედარებით 9%-ით არის გაუფასურებული და ის 41.5 გრივნას შეადგენს.

2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით უკრაინის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა 36.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის იმდენივეა რამდენიც მიმდინარე წლის იანვარში იყო. 2024 წლის მარტში უკრაინამ ევროკავშირისგან $4.9 მილიარდის, მსოფლიო ბანკისგან $1.6 მილიარდის, კანადისგან $1.5 მილიარდის, IMF-ისგან $880 მილიონის დაფინანსება მიიღო, ხოლო აგვისტოში კი რეზერვები დამატებით $8.5 მილიარდი დოლარით შეივსო, საიდანაც 4.5 მილიარდი დოლარი ევროკავშირიდან მომდინარეობდა, $4 მილიარდი კი მსოფლიო ბანკიდან. ოქტომბერში კი IMF-მა უკრაინის ცენტრალურ ბანკს დამატებით 1.1 მილიარდი დოლარი გადაურიცხა, ხოლო 289 მილიონი დოლარი კი კანადის მთავრობისგან მომდინარეობდა.

უკრაინის მთავრობა მოელის, რომ 2024 წლის დეკემბერში ქვეყნის სავალუტო რეზერვები 43.6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები