მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ხელისუფლების მორიგი არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ - დავითაშვილი Georgian Airways-ის დასანქცირებაზე

64a2abbde0048
ინგა მურუსიძე
03.07.23 15:08
510
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და მისი დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა. თავად გაიაშვილი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს. საკითხს დღეს გამოეხმაურა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ცალსახად პოლიტიკურია.

„ცალსახაა, რომ ეს იყო პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში, თუმცა მსგავსი რეაქცია და გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლების მორიგი არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ და ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა სხვა შემთხვევებშიც, როცა უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს დაუწესა სანქციები. ცალსახად მიუღებელია, ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნია.

ვფიქრობ, ალბათ ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, რადგან ჩვენ ვიცით რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, ეს უდევს საფუძვლად იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო უკრაინამ, როცა ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას მხოლოდ აზიანებს. რაც შეეხება რეაგირებას, წინა შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა რეაგირება და დარწმუნებული ვარ, ახლაც იქნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები