დროებით ბიუჯეტის მიღების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება. "არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შეწყვეტა", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.
მთავრობის დაფინანსებისა და მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად მიღებული დოკუმენტი არ მიცავს უკრაინისთვის დაპირებულ 6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას. ბიუჯეტი რომ არ დამტკიცებულიყო, 1-ელ ოქტომბერს აშშ-ის მთავრობის მუშაობა შეჩერდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესში უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელების მომხრე რესპუბლიკელების რიცხვი იკლებს, ლიდერების მხრიდან კვლავ არის დაპირება, რომ მომდევნო კვირებში საკითხი გადაიხედება.
სულ ცოტა ხნის წინ, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების გაწევის განზრახვაზე განაცხადა. ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარება ჯამურად 133 მილიარდ დოლარს აღწევს.