რუსეთის იერიშების პარალელურად, უკრაინულმა დრონებმა კვირას ღამით მოსკოვის რეგიონზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ეს რეგიონზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა იყო. მისი ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა რუსეთის უმსხვილესი ონლაინ-რიტეილერის, Wildberries-ის კუთვნილი საწყობიც. დაზიანებები დაფიქსირდა სხვა ობიექტებზეც, მათ შორის დომოდედოვოში მდებარე საწყობში, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი აეროპორტის სიახლოვესაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 822 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით კი, დაახლოებით 600 დრონი მოსკოვისკენ მიემართებოდა.
უკრაინა ბოლო კვირების განმავლობაში Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებს აქტიურად ესხმის თავს. კიევი კომპანიას სამხედრო დანიშნულების პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების გადაადგილებაში ადანაშაულებს და ამ ობიექტების წინააღმდეგ დარტყმებს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების მხარდამჭერი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაზიანების მცდელობად განიხილავს.




























