უკრაინული იერიშის შედეგად მოსკოვის კაპოტნიას ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, კაპოტნიაში მდებარე საწარმოზე თავდასხმა პარასკევს გამთენიისას განხორციელდა. მოსკოვის მერის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დედაქალაქისკენ მიმართული 14 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს, თუმცა ყველა დრონის განეიტრალება ვერ მოახერხებს. როგორც The Moscow Times-ი წერს, ობიექტიდან ამ დრომდე ამოდის ძლიერი ხანძრის შედეგად გამოწვეული სქელი შავი კვამლი.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბოლო 24 საათში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 376 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. უწყების განმარტებით, სამიზნეებს შორის კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ქარხანა და ტაგანროგის პორტის ტერმინალიც იყო. თავდასხმა განხორციელდა აზოვის ნავთობბაზასა და ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაზეც, სადაც რუსეთი სამხედრო ტექნიკისთვის განკუთვნილ თერმული ვიზუალიზაციის აპარატურას აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში განხორციელებული მასირებული შეტევები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უსაფრთხოების სამსახურისთვის მიცემული 40-დღიანი გეგმის ნაწილია. ეს ინიციატივა კი მიზნად რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ზემოქმედებასა და მოსკოვის ომის დასრულებაზე დათანხმებას ისახავს.
ცნობისთვის, Gazprom Neft-ის კაპოტნიის საწარმო ივნისში ორჯერ უკვე გახდა თავდასხმის სამიზნე, რის შემდეგაც მან საქმიანობა ორჯერვე შეაჩერა. Reuters-ის ინფორმაციით, ობიექტზე ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარი უკვე დაზიანებულია, მათი აღდგენა კი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს.




























