მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინულმა დრონებმა რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 80-ზე მეტი იერიში მიიტანეს

დრონებით შეტევა

რუსეთ-უკრაინის ომი, სრულმასშტაბიანად 2022 წლის თებერვალში რუსეთის სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ შეჭრის შემდეგ დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები გასულ წელს დიდწილად სტატიკური იყო, ხოლო ქვეყნებმა საომარი მოქმედებებისთვის ახალი მეთოდები შეარჩიეს. ამასთან, გასულ წელს განსაკუთრებით აქტიური იყო უკრაინა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არაერთი იერიში მიიტანა.

უკრაინის კონტრშეტევის სტატისტიკა BBC-ის რუსულმა ბიურომ შეისწავლა და, როგორც გაირკვა, უკრაინულმა დრონებმა უშუალოდ რუსეთის, ანექსირებული ყირიმის და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ნავთობგადამმუშავებელ საწარმოებზე და სანავთობო ტერმინალებზე 80-ზე მეტი იერიში მიიტანეს.

როგორც BBC-ში ამბობენ, შეტევების უდიდესი ნაწილი უკრაინამ წლის პირველ ნახევარში განახორციელა, რადგან მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო თხოვნა, ამ ტიპის შეტევები შეემცირებინა, რადგან მუდმივი შეტევების ფონზე შავი ოქროს ფასი გაიზრდებოდა, რაც გლობალურ ეკონომიკას საფრთხის წინაშე დააყენებდა. როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეს მოწოდება გაითვალისწინა.

ყველაზე ხშირად, უკრაინული მხარე იერიშისთვის რუსეთის სამხრეთში მდებარე რეგიონებს, მათ შორის კრასნოდარის, როსტოვის, ბელგოროდის, ორლოვის და ვოლგოგრადის ოლქებს არჩევდა. საჰაერო შეტევების დიდი ნაწილი რუსულმა საჰაერო სისტემებმა აღკვეთეს, მაგრამ იყო შემთხევები, როცა სანავთობო ინფრასტრუქტურის მიერ მიღებული ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ ქარხნები რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო გაჩერებული.

უკრაინის არმიის მიერ რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანა სავსებით ლოგიკური ქმედებაა, რადგან ენერგორესურსების ექსპორტზე დამოკიდებული ქვეყნის შემოსავლების შემცირება ომის მეორე მხარეს მყოფი უკრაინის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. როგორც ირკვევა, ამ ტიპის საჰაერო შეტევები წარმატებული იყო, რადგან გასულ წელს რუსეთმა ბენზინის და დიზელის წარმოება შეამცირა, რასაც ფასის ზრდა მოჰყვა. პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო კომპანიების კაპიტალური დანახარჯები.

ცნობისთვის, უკრაინამ რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები