მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკვე დაგვიკავშირდნენ სხვა ქვეყნებიდანაც“ - „აგრითაჩის“ და LuLu Group-ის თანამშრომლობის ისტორია

აგრითაჩი

„კულა“, „კამპა, „სნო“, „მანნა“, „ანიგოზი“, „მინერალური წყალი კობი“ - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქართული კომპანიების, რომელთა ნაწარმი კატარის დედაქალაქ დოჰაში, LuLu Hypermarket-ის ქსელში გაიყიდება. აღნიშნული ინფორმაცია ექსპორტიორი კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. სწორედ „აგრითაჩმა“ გაგზავნა კატარში ქართული პროდუქციის პირველი სატესტო პარტია.

LuLu Group International-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო კომპანიაა, რომელიც გალფის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში - სულ 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. LuLu Group-ი ფლობს საცალო ვაჭრობის ქსელს - LuLu, რომელიც 248 ჰიპერმარკეტს და 24 სავაჭრო ცენტრს და ასევე, სადისტრიბუციო კომპანიებს აერთიანებს.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ეკატერინე ვეფხვაძემ კატარში, LuLu Group International-თან საქმიანი ურთიერთობის დაწყების ისტორიაც გაიხსენა.

„LuLu Group-თან ჩვენი თანამშრომლობა 2016 წლიდან იწყება, როდესაც კატარი დიპლომატიურ და სავაჭრო ბლოკადაში აღმოჩნდა და ძალიან დიდი მოთხოვნა იყო პირველადი მოხმარების პროდუქტებზე - წყალზე, სურსათზე... მაშინ კატარში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ, საელჩო - ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვეს ექსპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელიც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დააგზავნა. იმ პერიოდში ახალი დაწყებული მქონდა ლურჯი მოცვის სექტორში საქმიანობა, სხვა კომპანიაში ვმუშაობდი და როგორც ექსპორტიორი, ბაზაში უკვე ვფიქსირდებოდით. მახსოვს, მხოლოდ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციით არ დავკმაყოფილდი და LuLu Hypermarket-ის მენეჯმენტს „ვოთსაპში“ ვწერდი... შედეგად, 72 საათის განმავლობაში შევძელით პირველი გზავნილი მიგვეწოდებინა კატარში LuLu Group-ის ქსელისთვის - ეს იყო რამდენიმე კილოგრამი მოცვი, ატამი, სხვადასხვა სახის მწვანილი. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც დღემდე გრძელდება და სხვათა შორის, ძალიან აფასებენ ბლოკადის დროს ჩვენ მხარდაჭერას“, - თქვა ეკატერინე ვეფხვაძემ და იქვე დასძინა, რომ სწორედ ნდობის შედეგია, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, LuLu Group-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „აგრითაჩი“ საქართველოდან მზა სასურსათო პროდუქციის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა.

ამასთან, როგორც ეკატერინე ვეფხვაძემ „წერტილში“ მოყვა, თავდაპირველად LuLu Hypermarket-ის ქსელს არაერთი ქართული კომპანიის და მათი პროდუქციის კატალოგი გაუგზავნეს და LuLu Group-მა რამდენიმე მწარმოებელი შეარჩია.

„ძალიან მრავალფეროვანი კატალოგი გავუგზავნეთ, სადაც იყო სხვადასხვა მწარმოებლის წვენები, ჯემები, არაალკოჰოლური სასმელები, წყალი, ჩურჩხელა, აჯიკა... საბოლოოდ, მათ რამდენიმე ბრენდი შეარჩიეს და ერთ-ერთი ფაქტორი პროდუქციის შერჩევისას იყო ისიც, თუ რამდენად ცნობადი და გაყიდვადია ბრენდი/პროდუქცია უშუალოდ ადგილობრივ ბაზარზე ანუ საქართველოში. ახალი წლიდან უკვე გვეცოდინება, რა მოეწონათ, რა იყო ყველაზე გაყიდვადი, გამოჩნდება ფავორიტი პროდუქციაც“, - თქვა ეკატერინე ვეფხვაძემ.

„აგრითაჩის“ დამფუძნებლის შეფასებით, კატარში მომხმარებელი ცნობისმოყვარეა და იმედი აქვს, რომ ქართული პროდუქციით დაინტერესდებიან.

„ჯერ უნდა გაიცნონ საქართველო, როგორც მწარმოებელი ქვეყანა; ჩვენი პროდუქცია თაროზე თვალსაჩინო ადგლას დევს, ახლა მთავარია მოწონება დაიმსახუროს. სხვათა შორის, უკვე დაგვიკავშირდნენ სხვა ქვეყნებიდანაც (ბაჰრეინი, ომანი), სადაც LuLu Hypermarket-ის ქსელია და ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი აქვთ “, - აღნიშნა ეკატერინე ვეფხვაძემ.

კომპანია „აგრითაჩი“, გალფის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, წლიურად, 15 ქართველი მწარმოებლის/ფერმერის, დაახლოებით, 100 ტონამდე პირველადი წარმოების პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები