მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკვე დაიწყო დაშინების და ზეწოლის პროცესი" - რესპუბლიკურის ექიმი

რესპუბლიკური

თბილისის საქალაქო სასამართლომ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) მთავარ ექთანს, რომელიც 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებაში იყო ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი ნინო ოთარაშვილი მიღებულ გადაწყვეტილებას კლინიკის მედპერსონალის პროტესტით ხსნის და ხელისუფლებას დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, უფროს ექთანს, რომელმაც შეამოწმა დანიშნულება თავისივე დაქვემდებარებაში მყოფი ექთნების და ამ დანიშნულებას ხელი მოაწერა, გუშინ წელიწადნახევრიანი სასჯელი მიუსაჯეს დოკუმენტაციის გაყალბებისთვის. ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან უფროსს ექთანს ევალება მისი ექთნის მიერ შესრულებული დანიშნულების შემოწმება და დახარჯული მედიკამენტების აღრიცხვა, ეს დაადასტურა ხელმოწერით მან და ამის გამო ის 1,5 წელი ციხეში გაუშვეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესიც დაწყებულია რესპუბლიკურის ექიმების დისკრედიტაციის გამო და ჩვენს შესაშინებლად.

ჩვენ ვთვლით, რომ ესეც კავშირშია პროცესებათან, ექიმები ვერ მოგვისყიდეს ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაციით. კომპენსაციას იძლევიან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სურვილით ვწყვეტთ კონტრაქტს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. თუ კლინიკის ლიკვიდაცია ცხადდება, მაშინ უნდა გამათავისუფლო და მომცე კომპენსაცია. კანონი ზედა ზღვარს არ აწესებს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ავიღო უნდა დავწერო განცხადება, გთხოვთ საკუთარი სურვილით შემიწყვიტოთ კონტრაქტი. წამყვან ბირთვს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისას, ვერ გააკეთებინეს ეს და დაიწყო უკვე დაშინების და ზეწოლის პროცესი. ეს არის პირდაპირ კავშირში იმასთან, რაც 1 თვეა მიმდინარეობს“, - განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა სამინისტროს შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება.

სამინისტროს მხრიდან გავრცელებული განცხადების პარალელურად გუშინ განცხადება გაავრცელეს ექიმებმაც, რომლებიც შიმშილობის დაწყებას აანონსებენ. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი მედიცინის დოქტორი ნინო ოთარიშვილი ამბობს, ამ დრომდე არცერთი ექიმი კომპენსაციის მიღებაზე თანახმა არ არის და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და უშუალოდ პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე არ შეხვდებათ, თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები