“უკვე დავფიქრდით ფასები როგორ დავაკორექტიროთ“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში ქართული კრაფტ ლუდის ლუდსახარში Bayo Brewery-ს თანადამფუძნებელმა გიორგი მარუაშვილმა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა საწარმოსთვის უკვე მნიშვნელოვან ფინანსურ გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან საწარმო მთლიანად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.
„ერთი ეს არის ნავთობის ფაქტორი, რამაც დისტრიბუციის ხარჯების გაზარდა...რაც, ჯერჯერობით არ გვიგრძნია, რადგან ეს ორი დღის ამბავია და ახლა ტარიფებზე გამოაცხადეს. წარმოება მთლიანად არის ელექტროენერგიაზე დამოკიდებული. ანუ, წარმოებაში გაზს არ ვიყენებთ. გამომდინარე აქედან, ელექტროენერგიის ხარჯი შესაბამისად გაგვეზრდება. 20%-მდე ხარჯების გამეზრდება, რაც უკვე საკმაოდ მტკივნეულია“, - ამბობს მარუაშვილი.
მისივე თქმით, კომპანია უკვე განიხილავს ფასების კორექტირების საჭიროებას : "ჩვენ წარმოების პირველი დღიდან არ გაგვიზრდია ფასები და ვცდილობდით მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ისინი. თუმცა, ახლა, ელექტროენერგიის ზრდის ფონზე, სავარაუდოდ, ფასების მინიმალური კორექტირება გარდაუვალია", - აცხადებს გიორგი მარუაშვილი.
მეწარმის შეფასებით, ეს არის სამუდამო ხასიათის გაძვირება და არანაირი გარანტია, რომ ფასები მომავალში დაუბრუნდება საწყის დონეს. შესაბამისად, გაძვირება გარდაუვალია. "ძალიან არ გვინდა, რომ ახლა მტკივნეული იყოს ჩვენი კლიენტისთვის, მაგრამ მინიმალურად ალბათ 10 პროცენტით მაინც მოგვიწევს. ესეც ყველაზე ცოტა ალბათ", - თქვა მან.




























