საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 16 იანვარს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღეს. საყოველთაო გაფიცვაზე; საინვესტიციო გარემოსა და სხვა საკითხებზე "ანალიტიკა" საერთაშორისო სავაჭრო პალატის [ICC Georgia] ხელმძღვანელს ფადი ასლის ესაუბრა.
მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თქვენი მოსაზრებით დავიწყოთ გაფიცვასთან დაკავშირებით – რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე?
ვფიქრობ, კარგი ინიციატივაა. ის ხელს შეუწყობს ადამიანების გაერთიანებას საერთო დღის წესრიგის ირგვლივ – ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჯერ კიდევ არ ვიცი, რამდენად მოიკიდებს გაფიცვის იდეა ფეხს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ იმ კომპანიების დიდი ნაწილი, თავისუფალი ბიზნესების დიდი ნაწილი, რომელმაც ხელი მოაწერეს პეტიციას, ჩაერთვებიან გაფიცვაში. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ ვყოფილიყავით, ბიზნესები მთელ დღეს გაჩერდებოდნენ და არა მხოლოდ 3 საათით. 3 საათი რეალურად არაფერია. ამას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა თუ ექნება.
როცა პროტესტებზე ვსაუბრობთ, როგორ წესი, ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ქვევიდან ზევით მართული პროცესია. თვით ორგანიზებული პროტესტი. იგივე ლოგიკა არ უნდა ვრცელდებოდეს გაფიცვაზეც?
ეს რომ ქვევიდან ზევით პროცესი იყოს, მეტი გავლენაც ექნებოდა. ზევით ვინ არის ძალიან კარგად ვიცით. უმსხვილესი ბიზნესები. მათი უმრავლესობა ძალიან ახლოსაა "ქართულ ოცნებასთან". ისინი ბიზნესს აწარმოებენ ქართულ ოცნებასთან. ამდენად, ეს ძალიან სპონტანური ინიციატივაა, რომელსაც საფუძველი გიორგი ჩუგოშვილის ინიციატივამ ჩაუყარა იმით, რომ გააერთიანა ისეთი ბიზნესები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას. ეს გენიალური იდეა იყო. ძალიან გაკვირვებული დავრჩი, რომ ამდენმა ბიზნესმა მოაწერა ხელი ამ პეტიციას – ტერორის ატმოსფეროს გათვალისწინებით, რაც ბიზნესს საზოგადოებაზე ვრცელდება აგერ უკვე 30 წელია. ბიზნესს ეშინია მაღალჩინოსნების – არ სურთ, რომ გაასამართლონ, საგადასახადო შემოწმებებით შევიდნენ, დააჯარიმონ – პროტესტის მთელი მოძრაობა ქვევიდან ზევით პროცესია – პოლიტიკური მხარე იქნება თუ ბიზნესის. ეს აქცევს სწორედ ამ პროტესტს ასეთ ძლიერად და ამიტომაც არის, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლებისთვის.
რა შეცვალა Freebusiness.ge-ის პლატფორმამ იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გაააქტიურა ბიზნესი და მეტად მოგვასმენინა მათი ხმა?
მგონია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ყველაფერი ყელში ამოუვიდათ. ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკური არასტაბილურობის მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა დიდი ხნის მანძილზე გრძელდება. ამას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ბიზნესების უმრავლესობაზე. უკვე წლებია საქართველოში სერიოზული ინვესტიციები არ შემოსულა. არავინ უყურებს საქართველოს. ბიზნესებს რთული დღეები უდგათ – მოახდინონ შემოსავლების მობილიზება, გადაიხადონ გადასახადები. მეორე მხრივ, ქართველები ძალიან პატრიოტები არიან. როცა ხედავენ, რომ მათი ქვეყნის ვერცხლის ლანგარზე მირთმევა სურთ რუსეთისთვის, ისინი აღარ ფიქრობენ საკუთარ ბიზნესინტერესებზე, აღარ ფიქრობენ, რა შეიძლება მოუვიდეთ თავად მათ – დიახ, ეს იყო ძალიან სპონტანური განცდა ბიზნეს საზოგადოების შიგნით ისევე, როგორც მოქალაქეებში, რომ არის წითელი ხაზები, რომლებსაც არ მივიღებთ, არ შევეგუებით, მათ გადაკვეთას არავის ვაპატიებთ. კურსის ცვლილება, რომ საქართველო ევროპიდან რუსეთისგან უნდა წავიდეთ – ეს აღმოჩნდა ასეთი წითელი ხაზი. და ეს წითელი ხაზია მოქალაქისთვის, ბიზნესისთვის, სტუდენტისთვის – ყველასთვის.
გამოდის, მიგაჩნიათ, რომ Freebusiness.ge-ზე პეტიციის ხელმოწერა უფრო ემოციური საკითხი იყო, ვიდრე რაციონალური და პრაგმატული ბიზნესის მხრიდან?
დიახ. მიმაჩნია, რომ საკმაოდ ემოციური იყო. ეს იყო ამბოხის ნიშანი. ბიზნესი ამბოხდა ხელისუფლების წინააღმდეგ. კმარა – ეს ითქვა ამ პეტიციით. ამდენად, დიახ, ეს საკმაოდ ემოციური გადაწყვეტილება იყო. ამას მივყავარ სწორედ ჩემი მსჯელობის მეორე ნაწილთან – ეს არის ამ მოძრაობის მომავალი.
დიახ, ეს მართლაც საინტერესო ნაწილია. თქვენ როგორ ხედავთ ამ მომავალს?
ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ იმ 2500 კომპანიას, რომელიც ამ პეტიციას შეუერთდა, ძალიან ბევრი. უკვე – თავად ის ფაქტი, რომ მათ ხელი მოაწერეს პეტიციას – მათ იმაზე მეტი გააკეთეს ამით, ვიდრე საერთოდ ევალებოდათ. ეს ჩემი შეხედულებაა. ამ ცალკეული ბიზნესების ბიზნეს ორგანიზაციად გარდაქმნა ან მათი ერთობლივი მარშის ორგანიზება, ვინმეს ქუდქვეშ – მათ დაკარგვას ნიშნავს. ვფიქრობ, ამ 2500–მა კომპანიამ თავისი პატრიოტული ვალი მოიხადა. ბევრი მათგანი გაფიცვაშიც ჩაერთვება. ამით უნდა შემოვფარგლოთ მათ მიმართ არსებული მოთხოვნები. მათი გამოყენება ნებისმიერი მიზნით, ამ მოძრაობის დასრულების ტოლფასი იქნება. ეს დიდი შეცდომაც იქნება.
რაც ამ ეტაპზე ვიცით, კონფერენციის ორგანიზება სურთ და უფრო ამ კუთხით ხედავენ საკუთარ ჩართულობას – დებატები, დისკუსიები ეკონომიკის მომავალთან დაკავშირებით – ფიქრობთ, ეს საკმარისი აქტივობა იქნება მათი მხრიდან?
დიახ. მიმაჩნია, რომ კონფერენციების, თუნდაც ტრენინგების ორგანიზება კარგი იდეაა. მათი ჩართულობის გაზრდა ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იქნება პროცესისთვის. იმ 2500 კომპანიაში ძალიან კარგი ხალხია, კომპეტენტური – ადამიანები, რომლებსაც ადარდებთ ეკონომიკის, ქვეყნის და ბიზნესების მომავალი. მათი პროცესში ჩართულობა, მათი გამოყენების გარეშე ნებისმიერი პოლიტიკური მიზნისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის. მათ არ უნდა იგრძნონ თავი ექსპლუატირებულად. ისინი არ უნდა გადაკეთდნენ ბიზნეს ორგანიზაციად. ეს ძალიან დაასუსტებს მთელ ინიციატივას.
როგორ ფიქრობთ, თუ ეს კომპანიები ახლა გაჩუმდებიან, ხმას აღარ ამოიღებენ – ელოდებით, რომ მათზე შურს იძიებს ქართული ოცნება?
მოდი ასე ვთქვათ – ძალიან რთულია 2500 კომპანიაზე ზეწოლა. შეიძლება ზეწოლა მოახდინო სოსო ფხაკაძეზე, მაგრამ ვერ მოახდენ ზეწოლას 2500 კომპანიაზე. შეიძლება სამიზნედ აირჩიონ 4–5 კომპანია – ყველაზე მსხვილები ამ 2500–ს შორის და მათზე გააძლიერონ წნეხი. თუმცა, მგონია, რომ დღეს ხელისუფლებას სხვა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი სამიზნეები ჰყავს. ეს თუ მოხდება, უფრო დიდ პროტესტს მიიღებენ იმ ბიზნესების მხარდასაჭერად ვისაც ქართული ოცნება ან შეაშინებს ან დააჯარიმებს.
თუ სწორად მახსოვს, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც შეუერთდა პეტიციას და ვინც გაფიცვა გამოაცხადა და ამის შესახებ ხმამაღლაც განაცხადა – რა იყო მაშინ თქვენი მთავარი მოტივაცია?
ჩვენ სამდღიანი გაფიცვით გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ქვეყნის კურსის ცვლილების გამო. სრულად დავხურეთ ოფისები 3 დღის განმავლობაში. სიმბოლური გაფიცვა იყო. ასე გამოვხატეთ ჩვენი აღშფოთება, რომ ხელისუფლებამ გადადო – და სინამდვილეში, შეწყვიტა – ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ICC ყოველთვის ლიდერია, როცა ნებისმიერი ეროვნული თუ ბიზნეს საკითხი პრობლემური ხდება. ჩვენ არავის ველოდებით. ჩვენ ყინულმჭრელები უფრო ვართ – გზას ვათავისუფლებთ სხვებისთვის, რომ სხვებიც ჩაერთონ. არ გვადარდებს ამით ბედნიერია თუ არა მთავრობა. გაბრაზდნენ თუ არა. ჩვენ იმისთვის არ ვარსებობთ, რომ ვინმე გავაბედნიეროთ. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ქვეყანა წინ წავწიოთ და ბიზნესგარემო, საინვესტიციო კლიმატი გავაჯანსაღოთ – გავათავისუფლოთ კორუფციისგან, ავაშენოთ სამართლიანი სასამართლო, კანონის უზენაესობა – ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართავს ქვეყანას – იქნება ეს შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი – ჩვენ ერთი ხაზი გვაქვს და ყოველთვის გვქონდა მთავრობასთან ურთიერთობის რთული მომენტები.
2025 წლის პირველი კვირა გამორჩეული იყო აშშ–ის აქტიურობით სანქციების ნაწილში – მეგობარი აქტი, ქართული კოშმარის არაღიარების აქტი და ახლა უკვე ახალი სია, ჯერ მხოლოდ რადიო თავისუფლების წყაროებზე დაყრდნობით, სადაც მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილიც არის ნახსენები, როგორც ივანიშვილის დასაყრდენები – რა ტიპის სიგნალებია ეს?
მოდი ასე ვთქვათ – ეს არ უწყობს ხელს საქართველოში ბიზნესგარემოს. ამაზე ყველა თანხმდება. ნებისმიერი სანქცია ან პოტენციური სანქცია ამცირებს საერთაშორისო ინვესტორის აპეტიტს. ინვესტორები სტაბილურ ბიზნესგარემოს ეძებენ. არ უყვართ თავის ქაოსში ჩაგდება და შემდეგ, საკითხების დალაგება. თუ არ არიან სამეზობლოდან – რადგან მაშინ, მათ მთავრობასთან პრივილეგირებული ურთიერთობები აქვთ და რაც სურთ, იმას აკეთებენ. წესების დაცვა არ უხდებათ. კომენტარს არ გავაკეთებ იმაზე, კარგია თუ ცუდია ეს სანქცირება. მაგრამ იმას ვიტყვი, რომ სანქციები დიდი წნეხი იქნება ქართული ოცნებისთვის. არ მგონია, რომ თუნდაც იმ ჩამონათვალში, ყველა ბიზნესი იმსახურებს სანქცირებას. ზოგის სანქცირების ლოგიკა გასაგებია, მაგრამ არა – ყველასი. შეიძლება ემოციურად გვგონია, რომ ღირსები არიან, რომ დასანქცირდნენ – თუმცა, თუ კანონის თვალით შევხედავთ, გარკვეულ შემთხვევებში, ვერ ვხედავ საფუძველს.
ვინ იყო თქვენთვის ყველა დიდი სიურპრიზი?
მაგალითად, ირაკლი გილაური. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პერსონალურად მომწონს ან არ მომწონს ეს ბიზნესმენი. ყველა დიდ ბიზნესი თანამშრომლობს მთავრობასთან. ასე იყო სააკაშვილის დროს, ასე იყო შევარდნაძის დროსაც. არ მგონია, რომ კომპანია, რომელსაც ირაკლი გილაური უდგას სათავეში, მხარს უჭერდა ქართული ოცნების რეპრესიებს. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ჩემთვის ასე ჩანს გარედან.
მთელი სიაც, უფრო ემოციური სია გგონიათ, ვიდრე რაციონალური?
მოდი ასე ვიტყვი – თუ ეს სია იმაზეა დაფუძნებული, თუ ვინ მოახდინა თანხის დონაცია ქართული ოცნებისთვის, ნებისმიერ სხვაზე უკეთ გესმით, რომ თუ ქართული ოცნება იტყვის, ჩამირიცხეთ 200 ათასი ლარი, არავინ ეტყვის მათ უარს. ეს თანხა მათ ანგარიშზე დაჯდება. ბიზნესებს შორის განსხვავება არსებობს – ისინი, ვინც ასოცირებულები არიან ქართულ ოცნებასთან, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ ქართულ ოცნებასთან, რომლებიც მოგებას ინაწილებენ ქართულ ოცნებასთან – აი, ესენი არიან მაცოცხლებლები. მაგრამ ის ბიზნესები, რომლებმაც დონაცია გაიღეს ქართული ოცნებისთვის იმიტომ, რომ ზარი მიიღეს პარტიისგან, გადმოგვირიცხე თანხა – 5000 ლარი, მაგალითად – ისინი ამაზე უარს ვერ იტყვიან. იმიტომ, რომ თუ იტყვიან, მათი ბიზნესი გაჩერდება. ეს არის ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც ღირს. ყველას ერთ სიაში ვერ ჩასვამ – ყველა ურიცხავდა ფულს სააკაშვილს, ყველა ურიცხავდა ფულს შევარდნაძეს.
მსხვილი ბიზნესების უმრავლესობამ ამ სიიდან უკვე უპასუხეს ბიემჯი–ს და ამბობენ, რომ არ იციან, როგორ მოხვდნენ ამ სიაში და მოითხოვენ რადიო თავისუფლებას, გაასაჯაროოს წერილი, რომელიც მარკო რუბიოს გაეგზავნა – ეს ლეგიტიმური მოთხოვნაა?
დიახ. მნიშვნელოვანია, რომ წერილი ვნახოთ. იმიტომ, რომ ეს მართლაც არის რეპუტაციული ზიანი იმ ბიზნესებისთვის. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამ სიაში შეყვანილ ბიზნესებთან საღი აზრის მქონე არცერთ ინვესტორს არ მოუნდება თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ რადიო თავისუფლება სერიოზული გამოცემაა, სერიოზული პლატფორმაა – მათ თუ თქვეს, წერილი გაგზავნილია. აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ სახელმწიფო მდივანს შეუძლია მხოლოდ სავიზო შეზღუდვები დააწესოს..
და არა ფინანსური სანქციები, რაც უფრო მძიმე იქნებოდა ..
დიახ. მას მხოლოდ მოგზაურობის შეზღუდვა შეუძლია. ეს არ არის სახელმწიფო ხაზინა, რომელიც ფინანსურ სანქციებს აწესებს. ეს ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა. წერილის გაგზავნა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ეს სანქციები მართლაც დაწესდება. მაგრამ დიდი რეპუტაციული ზიანის მომტანია. ეს უდავოა.
რომ შევაჯამოთ, რას ნიშნავს ამ სიის გამოჟონვა ამ ბიზნესებისთვის და რას უნდა მიადევნონ თვალი?
უნდა ინერვიულონ. თუ შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას იმის დამტკიცებით, რომ არ არიან ქართული ოცნების მაცოცხლებლები და თუ კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამის შესაძლებლობას მისცემს, მაშინ ეს უნდა გააკეთონ. თუ ეს არ გამოუვათ, მაშინ საქმე ბევრად უფრო სერიოზულად იქნება. როცა უსმენ პოლიტიკოსებს ამბობენ – რა მოხდა, არ ვიმოგზაურებთ ამერიკაში – ეს ასეთი მარტივი საკითხი არ არის. ზიმბაბვეს მიერაც რომ იყო სანქცირებული, რომ არაფერი ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ეს ჩანს, ყველგან ჩანს. პრობლემები გიჩნდება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით, სავიზო შეზღუდვის დროსაც კი – იმიტომ, რომ მათი სახელები ყველგან იქნება. ძალიან სერიოზული თემაა სანქციების სიაში მოხვედრა. არ აქვს მნიშვნელობა არც სიას, არც ქვეყანას. როცა ამერიკაზე და ევროკავშირზე ვსაუბრობთ, ეს რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სერიოზულია.
ფიტჩ რეიტიგნსმა მითხრა ინტერვიუში, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავს მნიშვნელოვან ზიანს, რომელიც საინვესტიციო გარემოს ადგება – ვერ ხედავს ინვესტიციების გადინებას, მნიშვნელოვანი პროექტების შეჩერებას – რამდენად ზუსტად ხედავს ამ სურათს ფიტჩი?
ვინ არიან ინვესტორები? ინვესტორები არ ტოვებენ საქართველოსო და ვინ არიან ინვესტორები? უცხოელ ინვესტორებს თუ შევხედავთ, მათი უმრავლესობა ქართული კომპანიებია, რომლებიც საზღვარგარეთაც არიან. მაგალითად, ბორჯომი – ნიდერლანდებშია. გვყავს კომპანიები მალტაში, ლონდონში. ეს ქართული კომპანიებია. მეორე – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურას რომ შეხედოთ, 65% რე–ინვესტიციაა. ავხსნათ. აი, ტოიოტა, მაგალითად – უცხოური კომპანიაა – თუ გარეთ არ გაიტანენ თავიანთ მოგებას, იაპონიაში, თავიანთ საბანკო ანგარიშზე ინახავენ – ეს უკვე რეინვესტირებაა. ეს არ არის ნამდვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მოდი შევთანხმდეთ ამაზე. რეალური პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – კაპიტალში ინვესტიციაა. დაახლოებით 10–13% მთელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. დიდი წილი აქედან შემოდის ემირატებიდან, იორდანიიდან, რუსეთიდან და ა.შ. აქ შედის ბათუმში 50 ათას დოლარად ნაყიდი ბინებიც. ფიტჩს ვეტყოდი, რომ ისინი ვერასდროს ნახავენ ინვესტორს, რომელიც ტოვებს საქართველოს, რადგან ამ ინვესტორების უმრავლესობა ქართველია.
რა შეგვიძლია ვთქვათ ახალ ინვესტორებზე, რომლებსაც შეიძლება აინტერესებდეთ საქართველო?
პროექტები არ ჩერდება იმიტომ, რომ მათ უკან ქართული კომპანიები დგანან. მხოლოდ სტატუსი აქვთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. ივანიშვილს თუ აქვს 3–4 პროექტი ის მათ არ შეაჩერებს, გააგრძელებს. მისი კომპანია ბრიტანეთის კუნძულებზეა რეგისტრირებული – რა გამოდის, ივანიშვილი უცხოელი ინვესტორია? არქი, მაგალითად – ისინი მშენებლობას არ შეაჩერებენ, რადგან მჭიდროდ არიან ასოცირებულები ხელისუფლებასთან. ჰყავთ უცხოელი ინვესტორებიც, ამიტომაც გადის ეს კომპანია უცხოურ ინვესტიციებში, მაგრამ შეაჩერებენ ისინი საქმიანობას? არა, რადგან თვითონ არიან ქართული ოცნება. ფიტჩი ძალიან ბიუროკრატიულად უყურებს სიტუაციას – თავისი კარგი ოფისებიდან, რომელიც შესაძლოა პარკს გადაჰყურებს. ეროვნული ბანკის მონაცემებს ეცნობიან, ფინანსთა სამინისტროს რიცხვებს და ამბობენ, ჩვენ ვერ ვხედავთ კრიზისს საქართველოში. ნიშნავს ეს იმას, რომ კრიზისი არ არის? ჩვენ ბიზნესმენები ვართ, ვიცით, ლოგიკა როგორ მუშაობს – 100 დოლარსაც არ დავაინვესტირებ, რადგან არ ვიცით, ხვალ რა იქნება. ზოგიერთ ქვეყანაში კორუფცია თამაშის წესის ნაწილია – ისინი თამაშის წესს იცავენ. არ ადარდებთ მმართველობის ხარისხი. იმიტომ, რომ განჭვრეტადობა არსებობს – ეს მთავრობა ხელისუფლებაშია 4 წლის განმავლობაში, 4 წლის შემდეგ ჩვენს ფულს დავიბრუნებთ, ვიცით, რომ ფულს გავაკეთებთ. ეს განჭვრეტადობა არსებობს იმ ტიპის ინვესტირებისთვის, რასაც ისინი კორუმპირებულ ქვეყანაში გასწევენ. მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობა – როცა ქვეყნის კურსს ცვლი – დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ იღებ კურსს – ეს მთლიანად ცვლის სურათს. რადგან თუ დასავლეთისკენ გიჭირავს კურსი, მაშინ იცი, რომ 3–5–7 წელიწადში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კვალდაკვალ, ქვეყნის მშპ გაორმაგდება პირველივე წელს. ამის მაგალითები გაქვს – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ამის მაგალითია. ეს არის რეალური მოტივაცია ინვესტორისთვის.