"ქართული ოცნების" პარლამენტის განათლების კომიტეტმა განიხილა და მხარი ერთხმად დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო იქნება და ეს საკანონმდებლო ჩანაწერით განისაზღვრება.
ინიციატივა საქართველოს მოქალაქეებს ნანა მაჭავარიანს და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით. ინიციატივაში წერია, რომ ყველა უნივერსიტეტში არ არის სავალდებულო სახელმწიფო ენის სწავლება,ან სწავლების დაბალი დონეა, რის გამოც აბიტურიენტობის დროს შეძენილი ცოდნის განმტკიცება ვერ ხდება.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წელს შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“ გაუქმდა.
"ქართული ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სწორედ ქართული ენის დღეს კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს.
„20 წლის წინ მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება, ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს გადაწყვეტილება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში შევცვალოთ. ორიენტირი გვაქვს, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის, უკვე სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.