მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმაღლესი განათლების რეფორმა მთლიანად ცვლის საგანმანათლებლო ბაზრის კონტექსტს - საბაუნის პრორექტორი

უმაღლესი განათლება

ახალი სასწავლო წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება. ახალი მოდელით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სტუდენტებისთვის უფასო ხდება.

მთავრობის განათლების რეფორმა თამაშის წესებს ცვლის კერძო უნივერსიტეტებისთვისაც. 2026-27 სასწავლო წლიდან კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო გრანტი აღარ გაიცემა, რაც საბაუნის პრორექტორის შეფასებით, მთლიანად ცვლის საგანმანათლებლო ბაზრის კონტექსტს და კერძო უნივერსიტეტებს შორის კონკურენციას ამძაფრებს.

მისი თქმით, რეფორმამდე სახელმწიფო გრანტი სტუდენტს ნებისმიერ, მათ შორის კერძო უნივერსიტეტშიც მიჰყვებოდა. ახალი მოდელით კი, სრული დაფინანსება საჯარო უნივერსიტეტებზეა აკუმულირებული.

„ეს ახალ სინამდვილეს ქმნის და არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს კერძო უნივერსიტეტებს. ჩვენ გვიწევს გაცილებით მაღლა ავწიოთ თამასა, ვიდრე ეს საჯარო უნივერსიტეტების შემთხვევაშია, რადგან სტუდენტმა არჩევანი არა მხოლოდ ხარისხის, არამედ იმ ფაქტორის გათვალისწინებითაც უნდა გააკეთოს, რომ საჯარო უნივერსიტეტში მისი სწავლა სრულად ფინანსდება,“ — აღნიშნა დიმიტრი გეგენავამ.

მისივე თქმით, კერძო სასწავლებლები ამ ბალანსის შენარჩუნებას შიდა საუნივერსიტეტო გრანტებითა და შეღავათიანი პირობებით შეეცდებიან.

“სტუდენტმა კერძო და საჯარო უნივერსიტეტს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს არა მხოლოდ ხარისხიდან გამომდინარე, არამედ იმის გათვალისწინებითაც, რომ უკვე საჯარო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში მისი სწავლა სრულად დაფინანსებულია. ხოლო კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში, თუკი მას უნდა, რომ აირჩიოს კონკრეტული პროგრამა, პრიორიტეტი მიანიჭოს კონკრეტულ უნივერსიტეტს და აქცენტი გააკეთოს იმ განათლებაზე, რომელსაც ეს კონკრეტული კერძო უნივერსიტეტი სთავაზობს, უკვე მან უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტორი, რომ სწავლის გადასახადი სრულად მასზეა. რა თქმა უნდა, კონკრეტული უნივერსიტეტების შეღავათების, დამატებითი საგრანტო პირობების და შიდა საუნივერსიტეტო გრანტების გათვალისწინებით, მაგრამ ეს დრამატულად ცვლის ვითარებას და ცვლის მთლიანად საგანმანათლებლო ბაზრის კონტექსტს,”-აცხადებს გეგენავა.

მიუხედავად დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა, საბაუნის პრორექტორი აბიტურიენტთა ნაკადის შემცირებას არ პროგნოზირებს, რადგან მისი განმარტებით, ჯამურად, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ქართულენოვან პროგრამებზე მისაღები სტუდენტების კვოტები შემცირდა. ამასთან, საჯარო უნივერსიტეტებში პროგრამების ნაწილი დაიხურა, რამაც თავისუფალი ადგილების დეფიციტი შექმნა. სტუდენტების დიდი ნაწილი კი გადაწყვეტილებას მხოლოდ ფინანსური კუთხით არ იღებს.

„სწავლაში გაღებული ინვესტიცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ცხოვრების ამ ეტაპზე, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას მომავალში. სტუდენტები ამას აცნობიერებენ და აქცენტს ხარისხიან განათლებაზე აკეთებენ,“ — აცხადებს გეგენავა.

მისი თქმით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მომავალი წლიდან რამდენიმე ახალი ინგლისურენოვანი პროგრამის დამატებას გეგმავს. პრორექტორი ამბობს, რომ უცხოენოვანი პროგრამები მნიშვნელოვანია როგორც უნივერსიტეტის, ისე მთლიანად ქვეყნის განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები