მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უმჯობესი იქნებოდა, NATO-ს მე-5 მუხლი აგვემოქმედებინა და ჯარები აშშ-ის სამხრეთ საზღვრებზე განგველაგებინა" - ტრამპი

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ჰიპოთეზური ვარაუდი გამოთქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ქვეყანას NATO-ს მე-5 მუხლი აემოქმედებინა და მოკავშირეების ჯარები შტატების სამხრეთ საზღვრებზე განელაგებინა. ამ ნაბიჯით, ერთი მხრივ, მოხერხდებოდა “არალეგალი მიგრანტების შემოსევის” აღკვეთა და სასაზღვრო პოლიციის აგენტებისთვის საქმის გამარტივება, მეორე მხრივ კი, გამოჩნდებოდა, რამდენად რეალურად არიან NATO-ს წევრები აშშ-ს დაცვით დაინტერესებულნი.

“ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, NATO რეალური გამოცდის წინაშე დაგვეყენებინა. მოგვეთხოვა მე-5 მუხლის ამოქმედება და ალიანსის წევრებისთვის ჩვენი ქვეყნის სამხრეთის საზღვრების უცხოელი იმიგრანტების შემოსევებისგან დაცვა გვეიძულებინა. ამით სასაზღვრო პოლიციის აგენტებს საქმეს გავუმარტივებდით და მათ რესურსს სხვა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებისკენ მივმართავდით.” - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის პოსტი არც აწმყო და არც მომავალ დროს არ ეხება, შესაბამისად, მსგავსი ინიციატივის ოფიციალურად გაჟღერება ნაკლებადაა მოსალოდნელი. სავარაუდოდ, ის პასუხობს NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვებს, რომელმაც ტრამპთან პირისპირ შეხვედრისას თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი ქვეყანა ყოველთვის მზად იქნება, დაიცვას ამერიკა. ისევე, როგორც მათ ეს 2001 წლის 9 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს მე-5 მუხლის ამოქმედების ინიციატივის გაჟღერების უფლება ყველა წევრ ქვეყანას აქვს, თუმცა მის სისრულეში მოყვანას ხმათა აბსოლუტური ერთსულოვნება სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები