კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორის ზურაბ მარგველაშვილის აზრით, არატრადიციულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული დანახარჯები უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, იმ თანხის ნაწილი, რომელიც რთველის სუბსიდირებისთვის ყოველწლიურად იხარჯება, ქართული ღვინის პოპულარიზაციას მოხმარდეს.
„ის დანახარჯები და ძალისხმევა, რაც ქართული ღვინის მარკეტინგისთვის სახელმწიფოს მხრიდან არის, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ის 13 თუ 14 მლნ ლარი, რაც 2023 წელს ქართული მეღვინეობის მხარდასაჭერად და ცნობადობის ასამაღლებლად იხარჯება, აშკარად არაა საკმარისი. მაგალითად თუნდაც ისიც კმარა, რომ მთელი ექსპორტის 2/3 ერთ ქვეყანაზეა (რუსეთი) დამოკიდებული; ამიტომ საჭიროა, მარკეტინგის ბიუჯეტის რამდენიმეჯერ გაზრდა, თუნდაც რთველის სუბსიდირების ბიუჯეტის ნაწილი, რომელიც წლებია მემკვიდრეობით გრძელდება, ცნობადობის ამაღლებაზე დაიხარჯოს.
ამაღლებული ცნობადობა კი მოიტანს ღვინის გაზრდილ გაყიდვებს და გაიზრდება ყურძნის რეალიზაციაც“, - აღნიშნა „თბილღვინოს“ დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის წელს ბიუჯეტიდან ₾14 მლნ დაიხარჯება, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს.
ცნობისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალში 56.5 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.3%-ია. აღსანიშნია, რომ ღვინის ექსპორტის 67.5% კვლავ რუსეთის ბაზარზე მოდის ანუ ამ ქვეყანაში 3 თვეში 38 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა. აღსანიშნია ისიც, რომ 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო რუსეთის გამოკლებით მხოლოდ 5 საექსპორტო ბაზარზე გავიდა - ესენია პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და აშშ.