უმსხვილესი ევროპული ბანკები წელს 50 მილიარდ ევროს ($56 მილიარდი დოლარი) დაუბრუნებენ აქციონერებს, რაც რეკორდულ ანაზღაურებას წარმოადგენს. ამის შესახებ TBC Capital-ის კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, ანაზღაურების ზრდა ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რაც ბანკებმა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების ზრდისგან მიიღეს, რის შედეგადაც ანაზღაურებები, სავარაუდოდ, პანდემიამდელ დონეზე მეტად გაიზრდება. მაგალითად, UniCredit SpA მზადაა, აქციონერებს 10 მილიარდ ევროზე მეტი დაუბრუნოს.
ევროპული ბანკების რეკორდული დივიდენდების გარდა, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ იაპონიის ობლიგაციების ბაზარი მუხტს კარგავს, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, რომლებიც ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესში ქმნიან გამოწვევებს.
"აგვისტოში, იაპონიის კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება 21%-ით შემცირდა და 1 ტრილიონ იენს (6.8 მილიარდი დოლარი) მიაღწია, რაც წინა წლის იმავე თვეში დაფიქსირებულ რეკორდულ 1.27 ტრილიონ იენთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. ამას გარდა, ეს არის აგვისტოსთვის ყველაზე დაბალი გამოშვება 2021 წლის შემდეგ. იაპონიის ბანკის (BOJ) ბოლო საპროცენტო განაკვეთის ზრდამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ტენდენციაში, გამოიწვია მერყეობა და ობლიგაციების საპროცენტო სხვაობების გაფართოება. კონკრეტულად, იაპონიის კორპორატიული ობლიგაციების შემოსავლიანობასა და იმავე ვადიანობის სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობას შორის სხვაობა ერთი საბაზო პუნქტით გაფართოვდა გასულ თვეში",- აღნიშნულია მიმოხილვაში.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მიმოხილვაში მოხვდა ნავთობის ფასს ეხება. კერძოდ, ნავთობის ფასები ვარდნას განაგრძობს OPEC+-ის მიერ ოქტომბრიდან წარმოების გაზრდის გეგმების ფონზე, რაც ჩინეთში, როგორც ყველაზე დიდ შემსყიდველში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მოთხოვნის კლებას უკავშირდება.
"ნოემბრისთვის, ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი $76 დოლარის ნიშნულს უახლოვდება, შაბათ-კვირის განმავლობაში 2%-ზე მეტი დანაკარგის დაფიქსირების შემდეგ, ხოლო ტეხასური სინჯის შავი ოქროს ფასი $73-ის გარშემო მერყეობს. კარტელი გეგმავს, რომ დღე-ღამეში 180,000 ბარელით გაზარდოს წარმოება, რაც ნაწილობრივ 2022 წლიდან შეჩერებული წარმოების აღდგენას ემსახურება, მათ განხილვებში დელეგატების მიხედვით. ნავთობის ფასებმა თითქმის მთელი წლიური ზრდის მონაპოვარი დაკარგეს იმის ფონზე, რომ მოსალოდნელია მიწოდების სიჭარბე და ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის აშშ-შიც, რაც ზეწოლას ახდენს ბაზარზე",- აღნიშნავენ TBC Capital-ში.
და ბოლოს, ჩინეთის ეკონომიკური გამოწვევები ღრმავდება, რამდენადაც ჩინეთის დამოკიდებულება საწარმოო სექტორსა და ექსპორტზე, რათა შეარბილოს ქონების ბაზრის დაღმასვლის ზეგავლენა ფართო ეკონომიკაზე, სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი ხდება. მთავრობის მიერ 5%-იანი ზრდის სამიზნე საფრთხის ქვეშ დგას, რის გამოც უფრო ძლიერი მხარდაჭერის ღონისძიებები ხდება საჭირო.
"აგვისტოში, ქარხნული აქტივობა უკვე ზედიზედ მეოთხე თვის განმავლობაში შემცირდა, რაც დეფლაციური ზეწოლების გაღრმავებას მოწმობს, ხოლო საცხოვრებელი ბაზრის გაყიდვების მონაცემები აჩვენებს უარესობას, რაც აღდგენის მცდელობებს ართულებს. განსაკუთრებით, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერი China Vanke Co., ნახევარწლიური ზარალის შესახებ იტყობინება, რაც ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ვარდნაა. UBS-ისა და JPMorgan Chase-ის ეკონომისტები სკეპტიკურად უყურებენ ჩინეთის ზრდის სამიზნის მიღწევის შესაძლებლობას",- აღნიშნულია მიმოხილვაში.