მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„უმუშევრობის სტატისტიკის გაუარესება გლობალური პანდემიის თანმდევი უარყოფითი შედეგია“

611fc3afe9420
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.21 19:10
1234
„უმუშევრობის სტატისტიკის გაუარესება გლობალური პანდემიის თანმდევი უარყოფითი შედეგია, რასაც მთელი რიგი ქვეყნები განიცდიან და ამ მხრივ, სამწუხაროდ, საქართველოც ვერ იქნებოდა გამონაკლისი“, - ასე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული II კვარტლის უმუშევრობის ზრდის სტატისტიკას.

ასოციაციის პრეზიდენტი თავის განცხადებაში დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების სამომავლო პერსპექტივებსა და ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„მართალია ჯამურად ეკონომიკის აღდგენა სახეზეა, თუმცა სამწუხაროდ, დასაქმების სრულ აღდგენას დროში ჩამორჩენა ახასიათებს, ისევე როგორც საინვესტიციო პროექტების აქტიურ განახლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ეკონომიკაზე მიღებული დარტყმის შედეგების განეიტრალება დასაქმების მიმართულებით შედარებით უფრო გვიან არის მოსალოდნელი. თუ დავაკვირდებით სხვა, განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების დინამიკას, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ სურათი მეტნაკლებად მსგავსია. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულება, ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს, ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ არის აღდგენილი“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე და დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამების როლზეც საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო პროგრამები დასაქმების აღდგენაზე იქონიებს გავლენას.

„ამასთან, დარწმუნებული ვართ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებლები და ეკონომიკის ზრდისა და დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები იქონიებს იმ პოზიტიურ შედეგს, რომელიც მოგვცემს დასაქმების ასევე შედარებით სწრაფად აღდგენის საშუალებას, რაც უმუშევრობის მაჩვენებლებზე მომდევნო კვარტლებში უნდა აისახოს", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები