მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნაღდო კონვერტაციების მოცულობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება - ფორსაით FX-ის დირექტორი

ვალუტის გადამცვლელი

სავალუტო კონვერტაციების ბაზარი იცვლება. ფულის გადაცვლის ოპერაციები აქტიურად გადადის ციფრულ სივრცეში, ნაღდი კონვერტაციების ბაზარი კი მომხმარებელს კარგავს. ციფრული სერვისების დანერგვისთვის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მთელი რიგი მარეგულირებელი და ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ, რაც სოლიდურ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს, ამის შესაძლებლობა კი ერთეულ სუბიექტებს აქვთ.

ციფრული მომსახურების გააქტიურების კვალდაკვალ ვალუტის გადაცვლის პუნქტების ნაწილი ამბობს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა შეუმცირდათ.

ფორსაით FX-ის დირექტორის დავით დემეტრაძის შეფასებით, სავალუტო პუნქტები თავის ნიშას შეინარჩუნებენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში უნაღდო კონვერტაციების ბაზარი აქტიურად ვითარდება, ისინი მომხმარებლების ნაწილს დაკარგავენ.

“საქართველოში უნაღდო კონვერტაციების ბაზარი საკმაოდ ვითარდება. ბანკების ჭრილში სებ-ის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წლიდან მოყოლებული უნაღდო კონვერტაციების მოცულობა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ჭრილში ყოველწლიურად იზრდება. ფიზიკური პირების ჭრილში ბოლო 5 წელში უნაღდო კონვერტაციების მოცულობა გასამმაგდა, იურიდიული პირების ჭრილში დაახლოებით გაორმაგდა. ეს მიუთითებს რომ კლიენტები უფრო ვალუტის უნაღდო კონვერტაციას ირჩევენ.

ბუნებრივია, ნაღდი კონვერტაციების გარკვეული ნიშა დარჩება, თუმცა ჩვენი აზრით, კლების ტენდენცია მაინც შენარჩუნდება. ამასთანავე, ჩვენ ველოდებით, რომ უნაღდო კონვერტაციების ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან და რაც უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ბაზარს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზარზე გამოჩნდნენ საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, რომლის საშუალებითაც არასაბანკო ინსტიტუტებს, ბანკების მომსახურების გვერდის ავლით უნაღდო კონვერტაციების მომსახურების გაწევა შეუძლიათ. ბუნებრივია აღნიშნული ცვლილება ბაზარზე საშუალებას მისცემს არასაბანკო ინსტიტუტებს უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ და არ იყვნენ დამოკიდებული ბანკების ტარიფებზე”, - აცხადებს დავით დემეტრაძე.

დღეის მდგომარეობით ეროვნულ ბანკში 713 ვალუტის გადამცვლელი პუნქტია რეგისტრირებული. გარდა ამისა, ვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები.

გასული წლის ივლისიდან უკვე ძალაშია სებ-ის მიერ მიღებული წესები, რომელიც ვალუტის გადაცვლის პუნქტებს უნაღდო კონვერტაციების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ამისთვის მათ მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. ერთ-ერთი მთავარი რეგულირების ჩარჩოში ლიკვიდობისა და საწესდებო კაპიტალის მოთხოვნაა.

კერძოდ, ციფრული სავალუტო კონვერტაციის განხორციელებისთვის ვალუტის გადაცვლის პუნქტებს ნახევარი მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალი უნდა გააჩნდეთ, რისი დაკმაყოფილების რესურსიც ფაქტია ბაზარზე რეგისტრირებული 700-სზე მეტი სუბიექტიდან, ყველას არ აღმოაჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები