სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ჩემი ხმა ევროკავშირს სადამკვირვებლო მისიის წევრებს ჰქონდათ სპეციალური აპლიკაცია და მასში ტვირთავდნენ ათობით სხვადასხვა მონაცემს (რაოდენობრივსაც და თვისობრივსაც). ამ მონაცემების ანალიზმა გამოავლინა უბნები, სადაც აბსოლუტურად ერთნაირი და ერთგვაროვანი დარღვევებით მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი და შესაძლებელი გახდა იმ სქემის გაშიფვრვა, რომლითაც არჩევნები გააყალბეს.
იურისტი დეტალურად აღწერს გაყალბების ეტაპებს:
პირველი ეტაპი: არჩევნების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს რეგიონებში მყოფი ოპოზიციური ამომრჩევლების აიდი ბარათების მასიურად ჩამორთმევა ან ყიდვა. მრავალი ასეთი შემთხვევა საჯაროდაც ითქვა. ამ დროს ოპოზიციის ამომრჩევლებს იმას არ აძალებდნენ, რომ აუცილებლად ოცნებისთვის მიეცათ ხმა. მათ სთავაზობდნენ ბენეფიტებს იმისთვის, რომ უბრალოდ აიდი ბარათები გადაეცათ ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიციის, ან არაფორმალური წარმომადგენლებისთვის.
მეორე ეტაპი: არჩევნების დღემდე უზრუნველყვეს (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებით), რომ რეგისტრატორის ფუნქცია მათთვის სასურველ პირს შეესრულებინა. წინასწარ გაანაწილეს რეგისტრატორის როლი, მიადგეს მაგიდები კედლებთან, რომ ვერიფიკაციის აპარატში გახსნილი ფოტო ვერ დაენახა დამკვირვებელს და ვერ შეედარებინა რეალურად მოსულ ადამიანთან. ერთი სიტყვით, მაქსიმალურად გართულდა იმის გადამოწმება, ხმის მისაცემად მოსული ადამიანი მართლა ის იყო თუ არა, ვისი აიდი ბარათიც ჰქონდა მოტანილი.
ეტაპი მესამე: არჩევნების დღეს, ჩამორთმეული აიდი ბარათებით ჩვეულებრივი კარუსელი დატრიალდა. ერთი ადამიანი ხმას სხვადასხვა უბანზე სხვადასხვა პირადობების გამოყენებით აძლევდა. ჩვენმა დამკვირვებლებმა ასეთი მრავალი შემთხვევა გამოავლინეს. ამის გამო მათ უბნებზე ფიზიკურად ბლოკავდნენ, უზღუდავდნენ გადაადგილებას, განსაკუთრებით - ვერიფიკაციის აპარატთან მისვლას. არ მოწმდებოდა ან არ კეთდებოდა მარკირებები. იქ, სადაც დამკვირვებელი ამ კარუსელის ნაწილს შიფრავდა და ადოკუმენტირებდა, მათ უბნიდან აძევებდნენ. იქ, სადაც ჩვენი დამკვირვებლები მაინც დარჩნენ, კარუსელში ჩართული გამყალბებლები მიდიოდნენ საკუთარი აიდი ბარათით ან პასპორტით, რომელშიც ჩადებული იყო ფურცელზე დაწერილი ნომერი (რეალურად - სხვა ადამიანის პირადი ნომერი). რეგისტრატორი, რომელმაც ეს სქემა იცოდა, ვერიფიკაციის აპარატში ხელით ატარებდა ქაღალდზე დაწერილ ნომერს და გამყალბებელს სხვის ბიულეტენს გადასცემდა.
შედეგი: საბოლოოდ, გამოვიდა, რომ ოპოზიციის ამომრჩეველმა, ვისაც ეგონა, რომ უბრალოდ ხმა არავის მისცა, სინამდვილეში ხმა მისცა ოცნებას. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ბიულეტენებსა და საბოლოო შედეგებს შორის დისბალანსები არ დაჯდა. ამით აიხსნება უჩვეულოდ მაღალი აქტივობა რეგიონებში. ამით აიხსნება ის 150 ათასი ხმა, რომელიც დააკლდა ოპოზიციას (ამათგანაც - ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ან ახალის ამომრჩეველს, ანუ იმათ, ვისზეც ადგილობრივმა ფეოდალებმა ისედაც იცოდნენ, ვის მისცემდნენ ხმას, ხოლო ლელოს და გახარიას პროცენტებში სხვაობა არ გამოვლენილა), ამით აიხსნება ის 150 ათასი ხმა, რომელიც ოცნებას 'ზედმეტად' აქვს და არაფრით არ აიხსნება.
სხვა მხრივ, ეს კარუსელი უნაკლოა - გაცემული ბიულეტენების და მიცემული ხმების რაოდენობაში მნიშვნელოვან აცდენას არ ტოვებს, არ ტოვებს კვალს ელექტრონულ მოწყობილებებში, და მეტიც - რაკი ეს სქემა მოსყიდვაზე უფროა დაფუძნებული, ვიდრე დაშინებაზე, ტრანზაქციის მონაწილე არც ერთი მხარე აღარ არის დაინტერესებული მისი გასაჯაროებით.ვაღიარებთ შევარდნაძის დროის უმარტივესი ხრიკით წართმეულ არჩევნებს? ყველამ თავისთვის გადაწყვიტოს.