მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა აიღოს თუ არა ოპოზიციამ სახელმწიფო დაფინანსება? - ლევან ნატროშვილის მოსაზრება

ISFED

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლევან ნატროშვილი პარტიების მიერ მისაღებ სახელმწიფო დაფინანსებაზე საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ის აღნიშნავს, რომ უნდა აიღოს პარტიამ სახელმწიფო დაფინანსება თუ არა, ამაზე, ცალსახა პასუხი არ არსებობს და ყველა გადაწყვეტილებას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, რაც თავად პარტიებმა უნდა აწონ-დაწონონ.

საქმე ისაა, რომ ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, ერთმა პარტიამ კი („კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“) დაფინანსებაზე უარი თქვა.

ლევან ნატროშვილის თანახმად, სასურველია, პარტიების მხრიდან საკუთარ წევრებსა და ამომრჩევლებთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

"განმარტებები პარტიების მიერ მისაღებ სახელმწიფო დაფინანსებაზე:

1. საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. რაც შეეხება კონკრეტულ თანხებს, პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.

ცესკოს მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგებით, 1%-იანი ბარიერი შვიდმა პარტიამ გადალახა, რომლებსაც, შესაბამისად, ეკუთვნის/ეკუთვნოდა დიაგრამაზე მოცემული თანხები.

2. პარტიას უფლება აქვს, მისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას ამ დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.

ცესკოს განცხადებიდან ირკვევა, რომ დადგენილ ვადაში სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ განაცხადა. ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 6 პარტია მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას.

3. ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობაში არის ორი ნორმა, რომლითაც პარტიას სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება მოგვიანებით შეუწყდეს ან შეუჩერდეს. ქვემოთ მოცემული ორივე ნორმაა არის ძალიან პრობლემური და თავის დროზე ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა მათი მიღება მკვეთრად ნეგატიურად შეაფასეს. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები.

i) პირველი ნორმის მიხედვით, პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პარტია „გახარია საქართველოს“ გარდა, დანარჩენი სამი ოპოზიციური გაერთიანების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს პარლამენტისთვის მიმართული აქვთ, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ასევე, ამ პარტიებმა ჩახსნეს საარჩევნო სიები, რის გამოც შეუძლებელი იქნება საარჩევნო სიის სხვა წევრით მათი ჩანაცვლება. აქ ერთი საკითხია, „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის შესაბამისი დეპუტატის მიერ განცხადების დაწერა არ კმარა და მას სჭირდება პარლამენტის თანხმობა. კანონის ასეთი ინტერპრეტაცია უკანონოა და საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა ფაქტია, რომ ამას „ქართული ოცნება“ გამოიყენებს და თუ უნდა შეუწყვეტს ამ პირებს უფლებამოსილებას, თუ არ უნდა - არ შეუწყვეტს. თუ არ შეუწყვეტს, მაშინ ცესკოც, კანონის შესაბამისი ინტერპრეტაციით, გააგრძელებს ამ პარტიების ანგარიშზე ფულის ჩარიცხვას.

ii) მეორე ნორმის მიხედვით, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). თუმცა აქ ერთი გარემოებაა, ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება სხდომისთვის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

4. რომ შევაჯამოთ:

ამ ეტაპზე სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ ერთ პარტიას შეუწყდა, თუმცა კიდევ სამ პარტიას დაფინანსება შეიძლება მოგვიანებით შეუწყდეს ან შეუჩერდეს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ აღვწერე.

რაც შეეხება იმას თუ რა იქნება სწორი და როგორ უნდა მოიქცეს პარტია, უნდა აიღოს სახელმწიფო დაფინანსება თუ არა, ამაზე, ცხადია, ცალსახა პასუხი არ არსებობს. ყველა გადაწყვეტილებას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები და ეგ თავად პარტიებმა უნდა აწონ-დაწონონ. მაგალითად, დაფინანსების აღების საწინააღმდეგო მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ფულის აღებით, ფაქტობრივად, აღიარებ არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ამაზე კონტრარგუმენტებიც არის, მაგალითად ის, რომ მაგ ლოგიკით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით არალეგიტიმურ პარლამენტს რომ მიმართეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა, ეგეც შეიძლება აღქმულ იქნეს აღიარებად. წონადი კონტრარგუმენტი შეიძლება იყოს ისიც, რომ ამ პარტიებმა დაიმსახურეს სახელმწიფო დაფინანსება და სადავო შეიძლება იყოს მხოლოდ ის თუ რა თანხები დაიმსახურეს და იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლას, მათ შორის, პარტიების ფუნქციონირებას სჭირდება დიდი რესურსი, შეიძლება ამ თანხების აღება შესაბამისი დათქმებით და განმარტებებით. თუმცა, კიდევ ერთხელ, ეს საკითხი არ არის ცალსახა და პარტიების გადასაწყვეტია თავიდან ბოლომდე, მათ შორის, სასურველია, საკუთარ წევრებსა და ამომრჩევლებთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე მოხდეს ეს",- წერს ლევან ნატროშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები