"უნდა დაელოდოთ მათ გამოცხადებას", - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბოლო ბრიფინგზე კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დასაჯეს ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო.
მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა გასულ კვირას სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებენ, მათ შორის სანქციებსაც. ხოლო თუ ვინ იქნება სანქცირებულთა სიაში, ამის შესახებ ინფორმაციას უნდა დაველოდოთ.
"ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომლებსაც ორივე პარტია უჭერს მხარს. ასევე, როდესაც მიზანშეწონილია, ახალ ზომებს ვავითარებთ, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ დროში, რაც დარჩა ამ ადმინისტრაციას და პოტენციურად ახალი ადმინისტრაციისთვისაც...
ახალ პოტენციურ სანქციებზე არ ვილაპარაკებ, რომლებსაც საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ ან საქართველოში პირების წინააღმდეგ შემოვიღებთ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ღრმა შეშფოთება გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ კურსის ცვლილების გამო. თქვენ ნახეთ [სახელმწიფო] მდივნის განცხადება გასულ კვირას, რომელმაც ნათლად თქვა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა საქართველო პასუხისმგებელი იყოს ამ ნაბიჯებისთვის - მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით. რაც შეეხება იმას, რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაელოდოთ, სანამ მათ გამოვაცხადებთ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.