ადამიანის უფლებების იურისტი და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი საბა ბრაჭველი წერს, რომ პოლიციის ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ შეიძლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებები გავრცელდეს, თუმცა სამართალდამცველების იდენტიფიცირება შეუძლებელია და შსს მათ სახელებს არ იტყვის.
საბა ბრაჭველი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც პოლიციელს ღირსება აჰყარა.
„აქ ან მედიაში შეიძლება პერიოდულად შეგხვდეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება, რომ გამოძიება დაიწყეს პოლიციელების დანაშაულებზე (რომელიც უკვე ძალიან, ძალიან ბევრი დაგროვდა) და იფიქროთ, რომ ვიღაცები მართლა შეიძლება დაიჭირონ.
სინამდვილეში რა მოხდება და რაც სულ ხდება ისაა, რომ შსს უბრალოდ არ ეტყვის ამ სამსახურს, თუ ვინ დგანან ნიღბის უკან, ვინ ურტყამენ დაკავებულ, ხელშეკრულ, უკვე ისედაც ნაცემ ადამიანებს. ტანსაცმელზე ხომ ნომრები და სახელები არ აწერიათ და ვერ ვახდენთ კონკრეტული პირების იდენტიფიცირებასო. ასე გაგრძელდება მოძალადე, არაკაცი პოლიციელებისთვის ხელის დაფარება.
ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ და ერთხელ მაინც მივაღწიოთ დამნაშავეების დასჯას. ამიტომ უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანიც, ვინც მოძალადეებს ხელს აფარებს, ვინც ნამდვილ პოლიციელებს ღირსება სრულად აყარა და ვის გამოც "პოლიციელი გმირია" ახლა "პოლიციელი შნირია"-დ არის გადაქცეული. ამიტომ უნდა შეიცვალოს სისტემა. და კი, ასე გამოვიდა, რომ წესიერი პოლიციელებიც ჩვენი საშველია, თორემ ფურთხის ფასიც აღარ ღირს ის მუნდირი, რომელიც მათ დღეს აცვიათ“, - წერს ბრაჭველი.