საქართველოს რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი ხაბაშვილის შეფასებით, FMCG სექტორის მოთამაშეები, საცალო გაყიდვების კომპანიები, მომხმარებლის მხრიდან სუპერმარკეტებზე მოთხოვნას ზრდის შესაძლებლობად იყენებენ.
ხაბაშვილი "ანალიტიკას" ეთერში ასევე ხსნის, როგორ უზრუნველყოფს სუპერმარკეტების მასშტაბის ეკონომია მომხმარებლისთვის დაბალ ფასებს.
"ბიზნესი სინამდვილეში იმ მოთხოვნას პასუხობს, რომელიც ბაზარზე მომხმარებლის მხრიდან არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ფასი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტი: დაახლოებით 65%-მდე წილი უჭირავს ფასის კომპონენტს გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რომელ სუპერმარკეტში იყიდოს პროდუქტი მომხმარებელმა. თუ ნახავთ ბევრად უფრო ძლიერ და განვითარებულ ეკონომიკებს, როგორიც არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები ან გერმანია, იქაც ე.წ. "დისქაუნტერების" გაყიდვები არის 5-ჯერ, 10-ჯერ უფრო დიდი.
ასევე სწორად აღინიშნება, რომ უბნის არაქსელურ მაღაზიებს არ აქვთ ისეთი კარგი შეთავაზებები მომხმარებლისთვის, როგორც აქვთ ქსელურ სუპერმარკეტს. ამის საშუალებას ქსელურ სუპერმარკეტს მასშტაბი აძლევს. რა თქმა უნდა, მასშტაბის ეკონომია არავის გაუუქმებია და ცალკეულ ქსელებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ უკეთესი ფასები მოიპოვონ საერთაშორისო შესყიდვების დროს. მარტივად რომ ვთქვათ, გერმანიაში არის ასეთი ნომერ პირველი ქსელი - Edeka, რომლის ბრუნვაც 250 მილიარდი ლარია, 75 მილიარდ ევროზე მეტი. საქართველოს FMCG ბაზარზე სრულად 10-ჯერ დიდი. რა თქმა უნდა, ეს ქსელი მწარმოებლისგან აბსოლუტურად სხვა ფასს და პირობებს იღებს, ვიდრე ქართული კომპანიები. ქარხანა ეუბნება საქართველოდან მისულ იმპორტიორს ეუბნება, რომ შენ ჩემგან უნდა იყიდო 100 000 ევროს პროდუქტი თვეში, Edeka კი 100 მილიონი ევროს პროდუქტს ყიდულობს. მწარმოებელი, რა თქმა უნდა, მოერგება მას, ვინც მეტს ყიდულობს.
მასშტაბი ეკონომიკაში ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს რაიმე ნეგატიური კონტექსტით აღქმული, როდესაც მას თან არ ახლავს მაღალი კონკურენცია. და საქართველოში იმდენად მაღალია კონკურენცია, არ არსებობს შემთხვევა, რომ ქსელს, სხვა ქსელთან მიმართებით, არ უნდოდეს უკეთესი ფასის, პირობების, აქციების და შეთავაზებების ქონა. თუ რომელიმეს ექნება ცუდი პირობები, მომხმარებელი უბრალოდ არ მივა მასთან და ის კომპანია არა თუ ვერ გაფართოვდება, საერთოდ ვერ იარსებებს, გაკოტრდება. ეს ყველას ესმის და ყველა გამალებულად, ასე ვთქვათ იბრძვის საუკეთესო შეთავაზებების გენერირებისთვის", - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.
მისი შეფასებით, ქსელების გაფართოება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი თავისთვის საუკეთესო არჩევანი გააკეთოს, რასაც საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს.
საქმე ისაა, რომ, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სურსათის ფასების შესამცირებელი კამპანია დაიწყო და მთავრობასა და პარლამენტში "ფასების კომისიები" ჩამოყალიბდა, მთავრობის მხრიდან ხშირად აჟღერებენ მოსაზრებას, რომ მაღაზიათა ქსელებში პროდუქტები ძვირდება, რადგან კომპანიები ბევრ ახალ ფილიალს ხსნიან და მათი ფინანსები ამისკენაა მიმართული.
"წარმოვიდგინოთ, რომ მომხმარებელი გამოდის სახლიდან და მას ხვდება მხოლოდ ერთი სუპერმარკეტი. მხოლოდ და მხოლოდ ერთი. ეს უფრო ცუდია მომხმარებლისთვის, რომ ერთი სუპერმარკეტია და სხვა არჩევანი არა აქვს? თუ როცა არის ერთი სუპერმარკეტი, მეორე, მესამე, სადაც მას შეუძლია თავისი ინტერესიდან გამომდინარე გააკეთოს არჩევანი?! თუ მისთვის ფასია ყველაზე მნიშვნელოვანი, მოძებნოს სად უფრო უკეთეს ფასად არის პროდუქტი. ამაზე მარტივი, მგონია, რომ არაფერია ასახსნელადაც და სასაუბროდაც, რომ კონკურენცია უფრო კარგია მომხმარებლისთვის, ვიდრე არაკონკურენტული გარემო. ყველა ყოველთვის ვსაუბრობთ ამაზე და ეს ჩვენი საუბარი დამყარებულია ეკონომიკურ აქსიომებზე და ასწლეულების გამოცდილებებზე მთელ მსოფლიოში", - ამბობს რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე.
"ანალიტიკას" ეთერში გიორგი ხაბაშვილი ასევე ხსნის, რომ საცალო ქსელების განვითარება პირდაპირაა მიბმული ეკონომიკურ აქტივობებთანაც. მისი თქმით, FMCG სექტორის ზრდა არის ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი ეკონომიკის ზრდაში.
"სუპერმარკეტების ქსელები არიან ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელები იჯარის საიჯარო მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენს სექტორს უდიდესი გავლენა აქვსუძრავი ქონების განვითარებაზეც.
მეორე ნაწილი რომ ავიღოთ, ჩვენს სექტორში ხარჯების ყველაზე დიდი წილი სახელფასო ფონდებზე მოდის, რომლის წილიც დაახლოებით 8-10%-მდეა. ₾10 მილიარდიანი ხარჯების შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ₾800 მილიონიდან ₾1 მილიარდამდე ყოველ წელს ეს სექტორი მარტო ხელფასებში იხდის.
იგივე ენერგეტიკაშიც. საერთო ხარჯებში კომუნალურების წილი დაახლოებით 2.2%-დან 2.5%-მდეა. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ₾250 მილიონი მარტო კომუნალურებში გადაიხადა ამ სექტორმა.
ანუ ამ სექტორის ორგანიზებულად განვითარება არის კარგი არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ მომხმარებელს უკეთესი შეთავაზებები ექნება, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის", - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.




























