მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უნდა განვსაზღვროთ, რას ნიშნავს რეგიონი განვითარების მიზნებისთვის" - სამინისტრო ახალ კანონზე მუშაობს

კახა გულედანი

რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც გასულ წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყო, რეგიონული განვითარების კანონპროექტზე მუშაობს. ამის შესახებ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, კახაბერ გულედანმა ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოელი დონორებისა და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

"ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, რომელიც განსაზღვრავს და სამართლებრივად დააფიქსირებს, რას ნიშნავს რეგიონი, განვითარების მიზნებისთვის. კანონი შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის, შექმნის საფუძველს მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, გამოკვეთს რეგიონებისთვის საჭიროებებს და გადაანაწილებს პასუხისმგებლობებს; დაგვანახვებს ცალკეული რეგიონების პოტენციალს, შეამცირებს დამოკიდებულებას ცენტრალურ ხელისუფლებაზე და გაზრდის დეცენტრალიზაციას.

რეგიონული განვითარების კანონი კარგია დონორებისთვის და ინვესტიციების მოსაზიდად, რადგან დონორებს ყოველთვის სჭირდებათ საკანონმდებლო ჩარჩო და კონკრეტული სტრატეგიები განვითარებისთვის", - ამბობს კახაბერ გულედანი.

როგორ მან აღნიშნა, კანონპროექტი უკვე მზად არის და პარლამენტშიც მალე დარეგისტრირდება.

"ვფიქრობთ, რომ პოლიტიკას ფრაგმენტული ჩარევებიდან გადავიყვანთ სისტემურ, პროგრამულ და შედეგებზე ორიენტირებულ მოდელზე. კანონპროექტი უკვე მომზადებული გვაქვს და მისი განხილვა დაიწყეს უწყებებში. შევეცდებით, მაქსიმალურად მალე შემოვიდეს ეს დოკუმენტში პარლამენტში განსახილველად".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები