მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უნდა განვსაზღვროთ თანხა, რაზე მეტიც ბიუჯეტიდან ბიუროკრატიული აპარატის შენახვაზე არ დაიხარჯება”- ხიშტოვანი

62d576ee11ee9
ანუკა ჯოხაძე
18.07.22 22:30
653
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც 2023-2025 წლებში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, დღეს საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და ეს სხვაობა 2026 წლამდე აღმოფხვრილი უნდა იყოს.

მისი თქმით, სამიზნე მაჩვენებლით, საჯარო სექტორში ხელფასის დონე კერძო სექტორის ხელფასის 80%-90%-ის დიაპაზონში უნდა იყოს, თუმცა ამჟამად ის კერძო სექტორის ხელფასის მხოლოდ 74%-ს შეადგენს.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გოგა ხიშტოვანი ემხრობა იმ პოზიციას, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულების ანაზღაურება კონკურენტული უნდა იყოს, თუმცა მისი თქმით, უნდა იყოს დაწესებული სახელფასო ანაზღაურების კონკრეტული ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან ხელფასების გაცემა უნდა მოხდეს.

ხიშტოვანი ამბობს, რომ ამ ზღვრის დაწესება კონკრეტულ ჩარჩოებში მოაქცევს ბიუროკრატიულ ხარჯებს და იმ ოქროს შუალედის დაჭერაში დაეხმარება სახელმწიფოს, რისი დაცვაც წლებია გვიჭირს.

“ჩემი აზრით, ოქროს შუალედი შეიძლება იყოს პოლიტიკური კონსესუსი, რომ შეთანხმების დონეზე განვსაზღვროთ, რომ მაგალითად რაღაც თანხაზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაიხარჯოს ბიუროკრატიის ანაზღაურებაზე. ამავდროულად ვუზრუნველყოთ ის, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები იყოს კონკურენტული.

ასეთი ჭერის დაწესება ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ საჯარო სამსახურში მოხდება ისეთი რაოდენობით ადამიანების დასაქმება, რაც სამსახურს სჭირდება და გაუზრდის მოტივაციას ნებისმიერ უწყებას, რომ დაიტოვოს საუკეთესოები და არ ჰქონდეს ე.წ გაბერილი შტატები", - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გოგა ხიშტოვანი.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები 2021 წელს 10%-ით უკვე გაზარდა, რაც საბაზო ხელფასის 1,100 ლარამდე გაზრდით მოხდა. მიმდინარე წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113,000 ათასი ადამიანის სახელფასო სარგო 177 მილიონი ლარით 1.83 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს საჯარო სექტორი მთლიანობაში 301,000 ადამიანს ასაქმებს, აქ შედიან როგორც საჯარო მოხელეები, ასევე, შტატგარეშე მოხელეები და სხვა დასაქმებული პირები. საჯარო სექტორში შედის 60,000-მდე პედაგოგიც, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან, ასევე ათასობით ადამიანი, რომლებიც მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა სსიპ-ებსა და ააიპ-ებში არიან დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები