ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გარკვეულ ჯგუფებში ვაქცინაციის სავალდებულობას ემხრობა.
კითხვაზე, გახდება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია ექიმებისთვის, ან პედაგოგებისთვის, ტიკარაძე ასე პასუხობს:
„მე პირადად მივემხრობი იმ ჯგუფის ვაქცინაციას, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ის მასწავლებელი, ექიმი თუ სხვა ჯგუფი, ადამიანი, რომელიც არის 60 წელს ზემოთ. ისინი არიან მაღალი რისკის ქვეშ და სწორედ ამ რისკიდან გამომდინარე, მივემხრობი, რომ მათი ვაქცინაცია იყოს პრიორიტეტი და დანარჩენ ჯგუფებს უბრალოდ განვიხილავდით“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბება როგორც იმუნიზაციის, ისე უწყებათშორისი საბჭო და ამ საკითხზე იმსჯელებენ.
ტიკარაძემ ისაუბრა იმ კვლევის შედეგებზე, რომელიც ინფიცირების მაჩვენებლებს ასახავს.
„80-დან 90 წლამდე ასაკის ქალბატონებში ინფიცირება არის მაღალი ლეტალობასთან ერთად, თუმცა მამაკაცებში 60-დან 79 წლამდე არის მაღალი ლეტალობა. ეს მიგვითითებს, რომ არსებული დამტკიცებული კალენდარი არის სწორი, თუმცა არის განსაახლებელი. ჩვენ ვთხოვეთ ჯანმოს, რომ მოხდეს კალენდრის განახლება და სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჰოსპიტალიზაცია განსაკუთრებით მაღალია 70 წელს ზემოთ მოქალაქეებში. სწორედ ამ ჯგუფში იკვეთება როგორც რეანიმაციული დატვირთვა, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.




























