მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა შეწყდეს ქვიშა-ხრეშის უგუნური მოპოვება“ - რა სჭირს შავ ზღვას?

შტორმი

„ზღვის სიმღვრივის დასაშვები ნორმაა 50 NTU , 500 ეკოსისტემაზე ნეგატიური გავლენის მომხდენია, დღეს კი ეს მაჩვენებელი ჩვენთან 2 560-ია,“- ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში იქთიოლოგმა არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ბოლო დღეებში სანაპირო ზოლზე სიმღვრივის მაჩვენებელმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ ნალექსა და შტორმს არ უკავშირდება და მთავარი მიზეზი, ზღვის მკვებავი მდინარეებიდან ქვიშა-ხრეშის „უკონტროლო და უგუნური“ მოპოვებაა.

„წყლის სიმღვრივე როგორც ფაქტორი, ძალიან მნიშვნელოვანია ზღვის ეკოსისტემისთვის და მაჩვენებელები ამ დონეს არ უნდა აღწევდეს. ლიტერატურული თუ სამეცნიერო პუბლიკაციიდან ცნობები ამბობს, რომ საქართველოს ზღვისპირეთში და არა მხოლოდ საქართველოში, ტიპურ სანაპიროზე, სიმღვრივეს ამ ნიშნულისთვის არასდროს მოუღწევია.

მაყურებლისთვის და მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს რაზე ვსაუბრობთ, დაფიქსირდა 2 560 NTU, რაც ნიშნავს ეს - 50 NTU და ზევით არის ნეგატიური გავლენის მქონე და უკვე 500-ზე ზევით არის სანაპიროს ორგანიზებისთვის ლეტალური, ანუ სასიკვდილო. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ 5-ჯერ უფრო მაღალ მაჩვენებელზე და ეს იყო მინიმალური, ზოგან იყო 3 000 და 4000 NTU. კახოვკის კაშხალი რომ ააფეთქეს, მაშინაც კი დნეპრში სიმღვრივეს ასეთი მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია.

წვიმები არავის უკვირს, ამაზე დიდი წყალმოვარდნებიც ყოფილა და ამაზე ძლიერი შტორმი. ჩვენ ვსაუბრობდით დიდი ხანია ქვიშა-ხრეშის უსისტემო, უგუნურ მოპოვებაზე. ვამბობდით, რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგები და სამწუხაროდ გამართლდა ეს პროგნოზი.

სიმღვრივე განპირობებულია იმით, რომ ზღვის მკვებავი მდინარეები უკვე ვეღარ ასრულებს იმ როლს, რა როლსაც ისტორიულად ასრულებენ. მდინარეების დელტა მოკლებულია აკუმულაციურ უბნებს, ჭალის მცენარეულობას, მოშლილია სისტემა, წყალი მიედინება იქ სადაც არ უნდა მიედინებოდეს, რეცხავს იმ გრუნტებს რასაც არ უნდა რეცხავდეს, დინება იმ სახის არის, როგორიც არ უნდა იყოს. არსებობს ბარიერი მდინარის წყალსა და ნიადაგებს შორის, ეს ბარიერია დანალექი ქვიშა-ხრეშისთვის, იქ შეიძლება იყოს სილა, ლამი, თიხანარევი ლამი და ა.შ ეს ყველაფერი მოხსნილია და გაშიშვლებულია ქანები, შესაბამისად მდინარე პირდაპირ რეცხავს ამ ყველაფერს. მდინარის დელტა რომელიც თავისი სტრუქტურით ამ ყველაფრის შემაკავებელი უნდა იყოს, აღარ არსებობს.

უგუნურობა და მტაცებლობაა რაც ხდება ზღვის მკვებავ მდინარეებში. ჭოროხი, აჭარის წყალი, კინტრიში - ნებისმიერს შეუძლია გავიდეს და ნახოს რა მასშტაბები აქვს ამ ყველაფერს და რა ფორმით ხდება ეს. თუ ეს არ შეჩერდა და ამას სამეცნიერო რაციონი არ მიეცა, თუ არ დაეფუძნა გარემოსდაცვით მდგენელს, შედეგები გვექნება უარესი, ამის მასშტაბები არ იკლებს და სამწუხაროდ იზრდება. ეს იყო პირველი შედეგი, მოკრძალებულ პროგნოზს გავაკეთებ და ვიტყვი, რომ ასეთი შემთხვევები კიდევ გვექნება.“ - განაცხადა გუჩმანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები