"თუ ბიზნესი ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში და ოლიგარქიას აქვს ადგილი, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია" - ამის შესახებ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ პოტენციურად დასასანქცირებელ პირთა იმ სიის შეფასებისას განაცხადა, რომელშიც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებიც ხვდებიან, როგორც ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი საყრდენები მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში.
"არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, სიმართლე რომ გითხრათ. თუ ეს ასეა, ბიზნესი ჩართულია ამ პროცესებში და ოლიგარქიას აქვს ადგილი, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. მაგრამ თავისუფლების ნაწილში, სხვა პერიოდს რომ შევადაროთ, თავისუფლება უფრო მეტია და ბიზნესის აზრს უფრო ისმენენ ახლა, გაცილებით მეტი ბიზნესშეხვედრები ტარდება, კანონპროექტების გაცნობა ხდება მათთვის და მათი აზრის გათვალისწინება. მაგრამ მეტ შეფასებას, ვინ რა გარიგებაშია, ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ჭელიძემ "ანალიტიკასთან" ინტერვიუში.
კითხვაზე, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როგორ უნდა დაიცვას კერძო სექტორმა ბიზნესგარემო, ჭელიძე აღნიშნავს, რომ ბიზნესი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს. ასოციაციის პრეზიდენტმა Freebusiness-ზე ხელმომწერი კომპანიების პოზიციაც შეაფასა, რომელთა აზრითაც, პოლიტიკური მოწოდებები აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა პოსტსაბჭოთა ეპოქიდან დაიძრას და განვითარდეს.
"მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ბიზნესი და პოლიტიკა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ბიზნესმა მოწოდებები არ უნდა აკეთოს, დიდი ძალა აქვს, დიდი რესურსი აქვს და არ უნდა მიიღოს აქციებში, გადატრიალების მცდელობებსა და მიტინგებში მონაწილეობა. მოწოდებების ნაწილში არ უნდა იყოს წინა ხაზზე, თავისი საქმე აქვს ბიზნესს.
[განცხადებაზე ხელმომწერებს] არ ვეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ მოკლე მეხსიერებასთან გვაქვს საქმე. პოსტსაბჭოთა გარემოს ვუბრუნდებით? - არა. პირიქით, ნელ-ნელა ვცდილობთ, გამოვიდეთ ამ თემიდან და ამას ვადარებ სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ამ ნაწილში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგალითად, აზრის გამოხატვის თავისუფლების მხრივ, აზერბაიჯანს ან თუნდაც სასომხეთს რომ შევადაროთ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. თუნდაც მოლდოვეთს რომ შევადაროთ…" - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.
მცირე და საშუალო საწარმოა ასოციაციის ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რატომ მიაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი კვალავ მკვეთრად დასავლურია, მიუხედავად "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის განცხადებისა.
"28 ნოემბრის განცხადება მე აღვიქვი, რომ თუ თქვენ არ გვიღებთ, ჩვენც არ შეგაწუხებთ, რომ მანიპულირების საგანი არ იყოს ეს. თორემ თუ ჩვენ უარს ვიძახით ევროკავშირზე, ეს ცუდია. საკანონმდებლო ნაწილში, ვალდებულებები, რაც ნაკისრი იყო, გრძელდება, არ შეჩერებულა: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია მიმდინარეობს და სრულდება; დაქირავებულების უფლებებიც ძალიან აქტიურადაა დაცული, ეს ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ დასაქმებულთა უფლებები და პროფკავშირები იყოს განვითარებული და ვთვლი, რომ ნორმალური მდგომარეობა გვაქვს ამ ნაწილში. ქვეყანაში შრომის ინსპექცია არსებობს და სწავლობს, დაქირავებულთა უფლებები ხომ არ ირღვევა", - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.