"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დასავლეთისგან დამატებით სანქციებს არ ელოდება. ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში განაცხადა.
ივანიშვილის მოსაზრებით, მის სანქცირებასთან დაკავშირებით, რაც უნდოდათ გააკეთეს, თუმცა არაფერმა არ იმუშავა.
„რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, რაც გააკეთეს, ამანაც ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს... იმის იქით კიდევ ველოდები თუ არა? მე პირადად აღარ ველოდები. მე მგონი, რისი გაკეთებაც უნდოდათ, გააკეთეს და ამოწურეს. არ იმუშავა - საზოგადოებას ვეუბნები დარწმუნებით, რამეთუ მთელი დღე ამით ვარ დაკავებული. ქალაქიც კარგად ვიცი, ყველაფერმა ამან უკუშედეგი გამოიღო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ერთ-ერთ რეზოლუციაში საუბარია, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულების გადახედვაზე.
ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე მოწოდება იყო მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებულ რეზოლუციაშიც, ასევე 2022 და 2023 წლებში მიღებულ რეზოლუციებში. ევროპარლამენტის რეზოლუციები და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირება მოხვდა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის დავაში, რომელიც ბერმუდის სასამართლოში მიმდინარეობდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც ივანიშვილისთვის $607-მილიონიანი კომპენსაციის ვადაზე ადრე მიცემაზე უარს ითვალისწინებს, აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების რისკი რეალურად არსებობს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოში სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილი აქტივების აღსრულება შესაძლოა, გართულდეს, რაც ქვეყანაში ივანიშვილის ხელთ არსებულ გავლენას უკავშირდება.