მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ივანიშვილის სანქცირებასაც ითვალისწინებს

განცხადება

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულების გადახედვაზე მოწოდებას ითვალისწინებს. 5 პოლიტიკურ ჯგუფს შორის შეთანხმებული რეზოლუცია დღეს გამართულ კენჭისყრაზე მიიღეს. მას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 73-მა მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად საქართველოს შესახებ 7 რეზოლუციის პროექტი იყო. საბოლოოდ, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა 5 პოლიტიკური ჯგუფის ერთობლივ რეზოლუციას სახელწოდებით "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ". ეს პოლიტიკური ჯგუფები არიან:

  • განაახლე ევროპა“ (Renew)
  • „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფი (ECR)
  • „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი (PPE)
  • „ევროპის თავისუფლების ალიანსი“ (Verts/ALE)
  • „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D)

რეზოლუციის მიღებამდე, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურ პლურალიზმთან დაკავშირებულ რისკებზე დებატები გაიმართა, სადაც ევროდეპუტატებმა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

რას ითვალისწინებს რეზოლუცია:

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ვინც მონაწილეობენ პოლიტიკური ოპონენტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობაში და ავრცელებენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას. ასევე, მიესალმება აშშ-ის მიერ ქართველ მაღალჩინოსნებზე დაწესებულ პერსონალურ სანქციებს.

ამასთან, გმობს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და მცდელობაში, შეარყიოს ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაცია რუსეთისკენ შებრუნების სასარგებლოდ. კვლავ იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორებისადმი, რომ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობისადაოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვისშესახებ კანონების გაუქმება იქნება აუცილებელი ნაბიჯები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. ასევე არის მოწოდება, რომ შეფასდეს კანონების თავსებადობა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების კონტექსტში.

კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიას, დაუყოვნებლივ შეაფასოს საქართველოს კანონმდებლობაუცხოური გავლენის გამჭვირვალობისდაოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვისშესახებ, ასევე გენდერული კვოტების გაუქმება და სხვა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და ზოგადად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება როგორ მოქმედებს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმზე, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“,- აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვაზე, სანამ არ გაუქმდება არალიბერალური კანონმდებლობები, ასევე არის მოწოდება მკაცრი პირობების განსაზღვრაზე საქართველოს მთავრობისთვის სამომავლოდ დაფინანსების გაცემასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც რეზოლუცია ითვალისწინებს, არის მტკიცე მოწოდება, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ და ეფექტურად გაატაროს ზომები ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს მთავრობის რუსულ პოლიტიკასთან შესაბამისობით და რუსეთზე მზარდი დამოკიდებულებით შესახებ, ასევექართული ოცნებისმიერ წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინის ომის ძალადობრივი სურათების გამოყენებაზე.

რეზოლუციაში არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაბამისობა უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, გაუქმდეს სახელმწიფო რესურსებისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების პრაქტიკა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

ამასთან, არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულია შეშფოთება საზღვარგარეთ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნის გადაწყვეტილებაზე, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობას ართმევს ხმის მიცემის უფლებას.

"მტკიცედ სწამს, რომ მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, ისევე როგორც მის უნარში, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. აღიარებს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის კონსოლიდაცია ახალგაზრდა ლიდერების თაობის ჩართულობით, რაც გამოვლინდა სპონტანური პროტესტით „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ 2024 წლის განმავლობაში",- აღნიშნულია რეზოლუციის ერთობლივი პროექტის ტექსტში.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეზოლუციაში გაჟღერებული კიდევ ერთი მოწოდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მისთვის საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის შესაძლებლობის მიცემას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე მოწოდება იყო მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებულ რეზოლუციაშიც, ასევე 2022 და 2023 წლებში მიღებულ რეზოლუციებში. ევროპარლამენტის რეზოლუციები და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირება მოხვდა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის დავაში, რომელიც ბერმუდის სასამართლოში მიმდინარეობდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც ივანიშვილისთვის $607-მილიონიანი კომპენსაციის ვადაზე ადრე მიცემაზე უარს ითვალისწინებს, აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების რისკი რეალურად არსებობს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოში სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილი აქტივების აღსრულება შესაძლოა, გართულდეს, რაც ქვეყანაში ივანიშვილის ხელთ არსებულ გავლენას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები